გენო პეტრიაშვილი: ​კაცი იმიტომ გქვია, რომ დასანანი მარცხის შემდეგაც მოძებნო შენს თავში სპორტული ჟინი, დაუბრუნდე შენს თავს, სპორტსა და მომავალზე დაიწყო ფიქრი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„არის სპორტში მომენტები, როდესაც მარცხი განგიცდია და მერე რომ დაფიქრდები აშკარად შეგეძლო მოგება. მე ბევრჯერ წამიგია ასეთი შეხვედრა და მერე მინანია. თუმცა კაცი იმიტომ გქვია, რომ შენს თავში მოძებნო სპორტული ჟინი და სულისკვეთება, დაუბრუნდე შენს თავსა და სპორტს, მომავალზე დაიწყო ფიქრი და გამოასწორო შეცდომები” 

გენო პეტრიაშვილმა მიმდინარე წელს მსოფლიოს უმაღლესი კვარცხლბეკიდან ორჯერ გადმოხედა. ზაფხულის მიწურულს ჯერ პარიზში გამართული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო, ხოლო სულ ახლახან 23 წლამდელებს შორის გახდა პლანეტაზე საუკეთესო.

ქართველი მოჭიდავე 23 წლამდელთა ჩემპიონატზე აშკარა ფავორიტის სტატუსით იყო ჩასული, რასაც პარიზული ტრიუმფიც ასმაგად ამყარებდა. ყველაზე პრესტიჟულმა წონამ ყოველგვარი სენსაციის გარეშე ჩაიარა და მსოფლიო ჩემპიონიც წინასწარ გამოცხადებული გამარჯვებული გახდა: პეტრიაშვილმა ყველა შეხვედრა ვადაზე ადრე, წმინდად მოიგო. მან ფინალამდე ჯერ იაპონელი, შემდეგ ჩინელი, შემდეგ კი უკრაინელი მეტოქე ჩამოიცილა, ხოლო ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში 11:0 დაამარცხა.

ბუნებრივია, პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პეტრიაშვილს გაცილებით უფრო რთული შეხვედრები მოუწია, განსაკუთრებით კი ფინალი, სადაც ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს თურქ, ტახა აკგულსდაუპირისპირდა. ფინალური წყვილი წინასწარ იყო დაანონსებული და სრულიად ჭიდაობის სამყარო განსაკუთრებული შეხვედრის მოლოდინში იყო. სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარს იმედი არც გაცრუებია – პეტრიაშვილისა და აკგულის ფინალი გარდამავალი უპირატესობით, ძალიან დაძაბულად წარიმართა და ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

„ტახა აკგული ძალიან რთული მეტოქეა და მისი დამარცხება გამიჭირდა, თუმცა, როდესაც ძლიერ მეტოქეს ამარცხებ ორმაგად მნიშვნელოვანია, შენი ტიტულიც ორმაგდება. პარიზის ჩემპიონატამდე მწვრთნელებთან ერთად ვემზადებოდით მთლიანად ნაკრები, ამ პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა და ჩვენი შედეგებიც ამის ნაყოფია. სხვადასხვა მეტოქისთვის კონკრეტულადაც ვემზადებოდით, მათ შორის აკგულთან შეხვედრაზეც, რადგან სპორტში ტაქტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა ჭიდაობა ისეთი სახეობაა რამის წინასწარ დაგეგმვა მაინც ძნელია, შეიძლება მთელი შეხვედრა ტაქტიკურად სწორად მიგყავდეს, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფრის შეცვლა მოგიწიოს, ჩვენი სპორტი ასეთი წამიერია. მთავარია, კარგად იყო მომზადებული და საკუთარი თავის რწმენა გქონდეს.” 

-ტახა აკგული პარიზში პირველად არ დაგიმარცხებიათ, მას გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზეც სძლიეთ, თუმცა წელს ასევე კონტინენტის პირველობაზე დამარცხდით… 

-კი, ევროპაზე დავმარცხდი აკგულთან,  საკმაოდ ძლიერად დამამარცხა. ასეთია ჭიდაობა, ხან იგებ, ხან აგებ.

– როგორც თქვით, ევროპაზე აკგულმა ძლიერად დაგამარცხათ, ამის შემდეგ ადამიანთა ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ რიგაში ბოლო წამებზე თქვენ მიერ მოგებული შეხვედრა შემთხვევითობა იყო, როგორ ფიქრობთ, პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ მსგავს სკეპტიციზმსაც ხომ არ გაეცა პასუხი? 

-მე ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე. ჩვენ სპორტსმენები ვართ და ჩვენი ვალია გამოვიდეთ შეჯიბრზე, ვიჭიდაოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. სკეპტიკოსებს პასუხი გაეცათ თუ არა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩემი მიზანი კი  ყოველთვის ერთია –  გულშემატკივარი გავახარო გამარჯვებით. რაც შეეხება წლევანდელ ევროპაზე წაგებულ მაგ შეხვედრას, სპორტსმენის ვალია, რომ როგორც მოგება ისე წაგება მიიღოს ღირსეულად და ვაჟკაცურად. მოგიგო – ჩამოართვი ხელი, მიულოცე და დაბრუნდი შენს ადგილზე. საერთოდ არის სპორტში მომენტები, როდესაც მარცხი განგიცდია და მერე რომ დაფიქრდები შეგეძლო მოგება. მე ბევრჯერ წამიგია ასეთი შეხვედრა და მერე მინანია. თუნდაც ევროპაზე, მსოფლიოსა და ოლიმპიადაზეც. თუმცა კაცი იმიტომ გქვია, რომ შენს თავში მოძებნო სპორტული ჟინი და სპორტული სულისკვეთება, დაუბრუნდე შენს თავს, სპორტს და მომავალზე დაიწყო ფიქრი და გამოასწორო შენი შეცდომები.

– ოლიმპიადაზე წაგებული შეხვედრა ახსენეთ, ეს იყო რიოში მეოთხედფინალური შეხვედრა ირანელ მეტოქესთან, რა მოხდა მაშინ თანაბარ ქულებზე რაიმე გაუგებრობა იყო, თუ დრო აღარ გეყოთ? 

-არა, გაურკვევლობა არ იყო, არ მგონებია, რომ თანაბარ ანგარიშზე ვიგებდი. უბრალოდ თავიდან შეხვედრა მიმყავადა და მერე რაღაც მომენტში მოვდუნდი. ბოლოს რომ ქულა ავუღე უკვე 5 წამი იყო დარჩენილი და ვერაფერს ვეღარ ვიზამდი. რა თქმა უნდა,  შეიძლებოდა უკეთესად ჭიდაობა და მოგება ამ შეხვედრის, მაგრამ ირანელმა სპორტსმენმა ყველაფერი გააკეთა მოგებისთვის, ჩემზე მეტი გააკეთა, მოინდომა და ამით მაჯობა. მომავალში გამოვასწორებ ამ შეცდომებს.

– მარცხის შემდეგ, მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე, ფსიქოლოგიურად კვლავ გამარჯვებისთვის განწყობა არ გიჭირთ, თუნდაც იმ მეტოქესთან ვისთანაც წინაზე დამარცხდით, თუ პირიქით, ეს უფრო მეტი მოტივაციაა და გეხმარებიან თუ არა ამაში ფსიქოლოგები? 

-ფსიქოლოგები არა, ჩვენ თვითონ ვემზადებით. საერთოდ შენს თავში უნდა მოძებნო გასაღები და შეუქმნა შენს თავს განწყობა. ჭიდაობა არის ორთაბრძოლა, აქ თუ რაინდული სული არა გაქვს და ვაჟკაცური არა ხარ, ძნელია გამარჯვებაზე და მოგებაზე ფიქრი. როგორც გლადიატორი ვერ იბრძოლებდა, თუ გული არ ჰქონდა, ასეა ჭიდაობაშიც. თუ ხასიათი არ გამოიჩინე და ჟინი არ დაანახე, აზრი არა აქვს.

-ახლა რომელი შეჯიბრებისთვის დაიწყებთ მზადებას? 

-წელს ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც ვემზადები საქართველოს ჩემპიონატია, დეკემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება. მანამდე ნაკრებს თუ ექნება საერთო შეკრება არ ვიცი, თუ დაგვიძახებენ წავალთ, თუ არადა გორში მოვემზადები.

-შიდა კონკურენციაზე რას იტყვით? 

-საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მყავს ქვეყნის შიგნით. საქართველოში ჭიდაობაში სულ არის კონკურენცია, ადრეც და ახლაც ძლიერი მეტოქეები მყავდა, მაგალითად, მეშვილდიშვილი, საკანდელიძე. ბევრია ანგარიშგასაწევი ძალა საქართველოში.

-საქართველოს ჩემპიონატზეც და საერთაშორისო ტურნირებზეც თქვენი გულშემატკივარი დარბაზში საკმაოდ მრავლადაა ხოლმე, თქვენი გამოსახულებიანი მაისურებით

-კი, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. ძალიან მიდგანან გვერდში. ის ფაქტი, რომ ჩემს უკან ჩემი ოჯახი და გულშემატკივარია, ჩემთვის განსაკუთრებული სტიმული და მოტივაციაა.

-ჭიდაობის გარდა სპორტის სხვა სახეობაზე თუ გიფიქრიათ ოდესმე? 

-არა, ჭიდაობა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მომწონდა. თავიდანვე თავისუფალში ვარჯიში დავიწყე, 6 წლიდან, სკოლის დაწყებასთან ერთად. ისე კი მოყვარულის დონეზე, ნაკრების საერთო შეკრებებისას იმ სახეობებს ვთამაშობ, რაც სპორტსმენს მოძრაობაში ეხმარება –  ფეხბურთს, კალთბურთსა და რაგბის.

– ჭიდაობის გარდა რას აკეთებთ ხოლმე, როდესაც ვარჯიშით არ ხართ დაკავებული, ან შეჯიბრზე არ ხართ? 

-ძირითადად სულ მზადებაში და ვარჯიშში ვარ, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ, ლაშქრობებს ვაწყობთ ხოლმე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მივდივართ.

You may also like

Leave a Reply