პროკურორი: გიგა ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ჟვანიას ჰქონდა რკინის ხელკეტი და “მერსედესის” ყველა მგზავრი ჩხუბში ჩართული იყო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ მორაგბე ნიკა ჟვანიას ჰქონდა რკინის ხელკეტი და ასევე,  “მერსედესის” ყველა მგზავრი ჩხუბში ჩართული იყო.

„მოწმემ სასამართლოზე მისცა ის ჩვენება, რაც გამოძიებისთვის ჰქონდა მიცემული. მისი თქმით, ნიკა ჟვანიას ჰქონდა ხელკეტი და მან ის მოუქნია ერთ კონკრეტულ ადამიანს, კერძოდ კონსტანტინე ღიბრაძეს. ასევე, მოწმემ თქვა, რომ მისი ყველა მგზავრი, მის ავტომობილში მყოფი პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა შეწყვიტეს ჩხუბი და ჩასხდნენ ავტომობილში” – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ადვოკატ ზაქრო გვიშიანის ​განცხადებას, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ინტერესებს იცავს, მისი თქმით, გიგა ტატიაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა ჟვანიას ჰქონდა რკინის ხელკეტი, თუმცა ის მისი მანქანიდან რ აუღია. ასევე ადვოკატის განცხადებით, ტატიაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ არ დაუნახავს ჟვანიას ხელკეტი ვინმესთვის ჩაერტყა.

ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი ბრალდებულის სტატუსითაა დაკავებული, პროკურატურა მას ძალადობის ორგანიზებას ედავება.

You may also like

Leave a Reply