იაკობ ბრეგვაძის ჩვენების მიხედვით, არაგვის ხიდზე ჩხუბში გიგა ტატიაშვილიც მონაწილეობდა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ფოტოგრაფი ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოზე მოყვა როგორც აგარაკზე, ასევე არაგვის ხიდზე მომხდარი დაპირსპირების დეტალები.

მისი ჩვენების მიხედვით, არაგვის ხიდზე მომხდარ პირველ ჩხუბში 8 ადამიანი, მათ შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც მონაწილეობდა. აქამდე არსებული ინფორმაციით, სხვა მოწმეებისა და ასევე თავად ტატიაშვილის გამოკითხვით, ცნობილი იყო, რომ ძიუდოისტი არაგვის ხიდზე მომხდარ პირველ დაპირისპირებაში არ ჩართულა. თუმცა, ბრეგვაძის განცხადებით, არაგვის ხიდზე მოსული “მერსედესის” მარკის მანქანაში მჯდომი 6–ვე პირი (მათ შორის მძღოლი გიგა ტატიაშვილი) და ასევე იქ მყოფი, აგარაკიდან ფეხით წამოსული ორი არასრულწლოვანი, ჩხუბში მონაწილეობდა.

“ძალიან ბევრი შეკითხვა იყო და ყველა მათგანს პასუხი გავეცი” – განაცხადა სასამართლოდან გამოსულმა ფოტოგრაფმა.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია და მან მხოლოდ ჩხუბში მონაწილე პირთა რაოდენობა დაასახელა.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით კი, სასამართლომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მხედველობაში არ უნდა მიიღოს, რადგან ის არასანდო მოწმეა. მათივე თქმით, იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ ჩხუბში ყველა მხრიდან სულ 13 ადამიანი იყო ჩართული. დაცვის მხარის განმარტებითვე, იაკობ ბრეგვაძემ ვერც ერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო, ვერც დარბაზში და ვერც ვიდეოჩანაწერში.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის, განცხადებით, იაკობ ბრეგვაძის ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, პროკურატურის მიერ ბრალდებულებისთვის წაყენებული ბრალდების მართებულობას.

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილს პროკურატურა ძალადობის ორგანიზებას ედავება. სპორტსმენი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მან წინა სასამართლო სხდომაზე ჩვენებაც მისცა, რომლის მიხედვითაც მის ავტომობილში მსხდომი 5–ვე პირი ჩხუბში მონაწილეობდა.

“არაგვის ხიდზე იმ პირების შემჩნევის შემდეგ, ვინც აგარაკზე იყვნენ, გავაჩერე მანქანა. ჩემს ავტომობილში მყოფი 5–ვე პირი გაემართა მათკენ, მე დავრჩი ავტომობილთან. იმ მიზნით, რომ ჩხუბი შეწყევეტილიყო დავიძახე, რომ მოდიოდა პოლიცია, რის შემდეგაც ჩემმა მგზავრებმა შეწყვიტეს ჩხუბი და გაქცეულების დევნა, ჩასხდნენ ავტომობილში და დავტოვეთ ტერიტორია” – განაცხადა ჩვენებაში გიგა ტატიაშვილმა.

​საქმის პროკურორის განმარტებითვე, ტატიაშვილმა სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მორაგბე ნიკა ჟვანიას ჰქონდა რკინის ხელკეტი და დაინახა, თუ როგორ ჩაარტყა მან ის ერთ პიროვნებას, კერძოდ კონსტანტინე ღიბრაძეს. ამ უკანასკნელმა კი სასამართლოს წინა სხდომაზე განაცხადა, რომ დაზიანებებზე პრეტენზია არ აქვს და თავდამსხმელთა შორის არც ერთი პირი, მათ შორის არც ნიკა ჟვანია არ დაასახელა.

იაკობ ბრეგვაძის დაკითხვის შემდეგ, დღევანდელი სასამართლო პროცესი,  ვიდეომასალისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.

You may also like

Leave a Reply