„ადამიანის მთავარი მონაპოვარი მუდმივი განვითარებაა” – რა მნიშვნელობა ენიჭება და როგორ უნდა შეიქმნას სწორი იმიჯი?

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს ესა თუ ის იმიჯი. ესაა პიროვნების ერთგვარი პორტრეტი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას მასზე წარმოდგენა უყალიბდება. ის ეფუძნება გარეგნობას, მანერებს, ემოციურობას, გონებრივ შესაძლებლობებსა და ა.შ. სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით ყალიბდება ადამიანის რეპუტაცია, რომელიც თავის მხრივ ბევრი მიმართულებით ახდენს გავლენას.

ძალიან ხშირია, როდესაც ერთი შეხედვით ყველა თვისების, კარგი განათლებისა თუ უნარების მქონე ადამიანი ვერ ახერხებს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებასა და კარიერულ წინსვლას. ასევე ხშირია, როდესაც კომპანია ვერ ახდენს  თავისი პროდუქტისა თუ სერვისის მომხმარებლამდე სწორად მიტანას. შესაძლოა, იყოს შემთხვევები, რომ სულ სხვა ტიპისა და თვისების მქონე ადამიანმა რადიკალურად განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვოს საზოგადეობის თვალში. ზუსტად აქ გვაქვს სწორი იმიჯის შექმნის პრობლემა და ზუსტად ამისთვის არსებობენ შესაბამისი კომპანიები და პროფესიის ადამიანები, რომლებიც პიროვნებასა თუ ორგანიზაციას დადებითი იმიჯის შექმნაში ეხმარებიან. ეს სფერო განვითარებულ ქვეყნებში უკვე ისეთ მაღალ დონეზეა, რომ ტერმინი – იმიჯის ხელოვნებაც კი გაჩნდა, თუმცა საქართველოში არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი განვითარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დღესდღეობით უკვე ბევრი კომპანია თუ პიროვნება ინტერესდება იმიჯის შექმნითა და სურს იქცეს ბრენდად.

ბიზნესპოსტი” დაინტერესდა რა კონკრეტულ გავლენას ახდენს ადამიანისა თუ კომპანიის იმიჯი მის საქმიანობაზე, როგორ უნდა მოხდეს ე.წ. “შავი პიარისგან” თავის დაცვა და რა არის “იმიჯმეიკერების” ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა. ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ე.წ. “ივენთ მენეჯმენტში” ლიდერი კომპანიების – team4events-სა  და droneproductiongeorgia– მფლობელ ნინი დედალამაზიშვილს ვესაუბრეთ:

“ზოგადად, იმიჯი სჭირდება აბსოლუტურად ყველა ადამიანს.  მას ქმნის საუბარი, ვიზუალი, სტილი. მე კატეგორიულად არ მომწონს შექმნილი იმიჯი, რომელიც ადამიანთან საერთოდ არ არის ახლოს.არ მიმაჩნია სწორად, როდესაც იმიჯზე მუშაობა თავად პიროვნების ნებით არაა დაწყებული და მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ ვინმემ ურჩია ასეთი იყოს, რადგან ეს კარგად გაიყიდება. როდესაც იმიჯი​ ორგანულობას რადიკალურად არის აცდენილი, ადრე თუ გვიან მაინც აშკარავდება.

ადამიანის იმიჯის შექმნა უნდა დაიწყოს მისი კვლევითა და შესწავლით, თუ როგორია ის ადამიანი და მოიძებნოს რაიმე ხელჩასაჭიდი, რაზეც შემდეგ შეიქმნება იმიჯი. ანუ ადამიანს უნდა მოვარგოთ იმიჯი და არა იმიჯს ადამიანი. ზოგს  ჰგონია, რომ უნდა შეიქმნას პიროვნებისგან რადიკალურად განსხვავებული იმიჯი, მაგრამ ამან კარგად შეიძლება იმუშაოს მცირე ხანს, შემდეგ მაინც უკუშედეგი მოაქვს. დღესდღეობით სიყალბე ძალიან მალე შეიძლება ფაიფურივით დაიმსხვრეს, რადგან სოციალური პლატფორმების ერაა და ერთი პატარა ფეხის გადაბრუნება, ან სიტყვაც კი შეიძლება ძალიან გამოჩნდეს. კარგ მენეჯერს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა ამისთვის კი საჭიროა სამი აუცილებელი ეტაპი: კარგი მოკვლევა, იმიჯის შექმნა და შემდეგ მისი სტაბილურად შენარჩუნება, ანუ რეპუტაციად ჩამოყალიბება.

მე არც იმას ვემხრობი, როდესაც გარკვეული კომპანიებისა და ადამიანების წინააღმდეგ არის ჭორები და ამას ტოვებენ უპასუხოდ, რადგან მგონია, რომ ადამიანებს აქვთ უფლება ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია საჯარო პირების შესახებ და ბევრად კარგია, რომ ბურუსში არ დატოვონ საზოგადოება. მაგრამ აქ არის ერთი “მაგრამ”, როდესაც ეს ჭორი სახიფათოა კომპანიისთვის ან ადამიანისთვის, რადგან რეალობასთან არის ახლოს, საჭიროა პასუხის ფრთხილი შერჩევა. დუმილს ყოველთვის სჯობს რაიმე გამართლების მოძებნა.

მგონია, რომ ადამიანის მთავარი მონაპოვარი განვითარებაა. მე მაგალითად წარმოუდგენლად ბევრი ნაკლი მქონდა, დღესაც მაქვს და ყოველდღიურად ვცდილობ ჩემს თავში დავამარცხო და სწორედ ეს მგონია ადამიანშიც მთავარი, რომ განვითარდეს მუდმივად. ეს აყალიბებს კარგ იმიჯს. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევაც, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში ადამიანი სხვა მხრივ ყალიბდებოდეს და ვითარდებოდეს და შემდეგ მიხვდეს, რომ ეს არ იყო სწორი და მისთვის ბუნებრივი. შესაბამისად,  იფიქროს ცვლილებებზე. ამ დროს დიდი შანსია იმის, რომ საზოგადოებამ რაღაც განვლილი არ გაპატიოს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ არც ამის არავის არ შეეშინდეს, რადგან ცვლილებები არასდროსაა გვიან, როდესაც ეს “რებრენდინგი” რეალურია და მასზე მართლა იმუშავებ, საბოლოოდ შედეგი მაინც ექნება”

რამდენად არის საქართველოში ეს სფერო განვითარებული? 

–ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. ადრე, როდესაც მე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ყველაფერს PR–თან აკავშირებდნენ, მაგალითად, ბევრ რამეს განაპირობებდა შენი ნაცნობების წრე, ჟურნალისტების ღონისძიებაზე მიყვანა/არ მიყვანის საკითხი იდგა ხოლმე და მეც ჩემი კონტაქტების გამო ბევრი პროექტი ამიღია, რაც არაა კარგი, რადგან ამ დროს გონება ითიშება, რადგან ფიქრი აღარ გიწევს. ​PR-ის ეს ეტაპი სწორედ ამ მოცემულობას იძლეოდა, რომ შექმნა და კრეატივი ნაკლებად გიწევდა. დღესდღეობით სოციალურ მედიის ეპოქაში აბსოლუტურად ყველას შეუძლია თავად იყოს ჟურნალისტი და უკვე სხვა ტიპის მუშაობაა საჭირო, მოდის ძალიან კარგი თაობა და კონკურენციაც ძალიან მაღალია და ვიტყოდი, რომ ეს სფერო ვითარდება და იზრდება. მაგალითად, ჩვენს კომპანიას კალენდარში ეს თვე უკვე სავსე აქვს კომპანიების საიმიჯო ღონისძიებებით.

როგორ უნდა შეიქმნას ბიზნესმენის დადებითი იმიჯი და ყველაზე ცუდად რა მოქმედებს ამ სფეროს წარმომადგენელი ადამიანების რეპუტაციაზე? 

–ყველაზე ცუდად იმიჯზე მოქმედებს მედიისა და კამერების წინ ყალბად გაწეული ქველმოქმედება. ჩემი აზრით, სრულიად გამორიცხავს ეს პოზიტიურ პოზიციონირებას. დღევანდელ საქართველოში თუკი ბიზნესმენს უნდა საკუთარ იმიჯზე ზრუნვა, უნდა შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, ის კი არა რომ ვიღაცას ერთჯერადად დაეხმაროს და თავი ღმერთად იგრძნოს. ადამიანს, ვისაც აქვს ფული ჩვენნაირ ქვეყანაში ინვესტიცია უნდა ჩადოს განათლებაში. ბიზნესმენმა ბევრი ფული უნდა ჩადოს იმაში, რომ შემდეგ ადამიანები დასაქმდნენ სწორად. ვისაც სურს, რომ პოზიტიურად იყოს წარმოჩენილი ჩემი აზრით, სწორედ ამით შეძლებს.

კამერების წინ გაწეული ქველმოქმედებაც ხომ შეიძლება იყოს გულწრფელი, თუმცა ფორმა გავრცელების არის არასწორი და უფრო აზიანებს რეპუტაციას, ვიდრე დადებით იმიჯს ქმნის, ანუ მთავარი პრობლემა  მაინც გაკეთებულის საზოგადებამდე სწორად მიწოდებაა… როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაშუქდეს გაწეული ქველმოქმედება ისე, რომ მან უკუშედეგი არ გამოიღოს? 

–ყველაზე ეფექტური არის, როდესაც უბრალოდ ამბები ვრცელდება ინფორმაციის დონეზე, ეს მუშაობს ყველაზე კარგად ქველმოქმედებაში და არა კამერების თვალწინ გაკეთებული სიკეთე. ზოგადად ქველმოქმედება არის ფრთხილად გასაკეთებელი, საზოგადოებაც გაზრდილია ამ მხრივ, როგორც მაგალითად ათი წლის წინ გაკეთდებოდა აქტივობა, რომელიც ქველმოქმედებად ჩაითვლებოდა, დღეს უკვე შესაძლოა, პირიქით, უარყოფითი ეფექტის მომტანი აღმოჩნდეს. გაკეთებულ სიკეთეებზე სჯობს სხვებმა ისაუბრონ. ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის მაინც განვმეორდები, რომ განათლებასა და დასაქმებაში ჩადებული ფულით შეიქმნება კარგი იმიჯი და პლუს ქვეყნისთვისაც მართლა გაკეთდება რაღაც კარგი.

ასევე ბიზნესმენის იმიჯისა და რეპუტაციის ჩამოყალიბებისას დიდი ყურადღება ექცევა პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთობებს. ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანი, რომელიც თავის თავს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ჩემი აზრით, პირველი კრახი, რაც შეიძლება ადამიანმა თავის რეპუტაციას გაუკეთოს არის ის, რომ საკუთარ თავზე ჰქონდეს ზეწარმოდგენა. გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც ამ სფეროში ვმუშაობთ, ჩვენთვისაც საჭიროა, რომ პიროვნების იმიჯი მაქსიმალურად იყოს ბუნებრივობასთან მიახლოებული, რადგან ყოველთვის მის გვერდით ვერ ვიქნებით და ხელოვნურად ნაშენები შეიძლება წამებში დაინგრეს, ხოლო ზოგადად ინგრევა ის, რასაც მყარი ფუნდამენტი არ აქვს. ეს ფუნდამენტი კი სწორედ ადამიანის ხასიათიდან და თვისებებიდან უნდა ჩაიყაროს.

– როგორ ფიქრობთ, სჭირდება ბიზნესმენს პირადი “იმიჯმეიკერი”? 

–ვფიქრობ, სჭირდება. მაგალითად, დაკავებულ ბიზნესმენს შეიძლება ელემენტარულად დროის ფაქტორის გამოც კი სჭირდებოდეს იმიჯმეიკერი, რადგან ურჩიოს რომელ ღონისძიებაზე რა ტიპის ან ფერის სამოსი ჩაიცვას, მისცეს რეკომენდაციები სხეულის ენის შესახებ და ა.შ. თუმცა სჭირდება არა იმას, ვისაც ყველანაირი მზაობა აქვს, არამედ ყველას, რადგან განვითარება ყველასთვის აუცილებელია.

– დადებითი იმიჯის გარდა ადამიანსა თუ კომპანიაზე უარყოფითი იმიჯის შექმნაც შესაძლებელია, ანუ ე.წ. “შავი პიარით” არსებული რეპუტაციის შელახვა, როგორ უნდა დავიცვათ ამისგან თავი? 

– კი, რა თქმა უნდა, არსებობს რეპუტაციის შელახვის ტექნოლოგია. მისგან თავის დაცვა ყველაზე ეფექტურად შეიძლება მუდმივი მზადყოფნით, მუდმივად ფართოდ გახელილი თვალებით, მასშტაბურად აზროვნებაა საჭირო და უნდა ხედავდე საფრთხეების, თუ საიდან შეიძლება ისინი დაგემუქროს, რათა შეგეძლოს სწორი პასუხების გაცემა, რომ შენ ვერ მოგერიოს ვერანაირი რეპუტაციის შემლახველი ორგანიზაცია. კომპანიებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიღაცებზე ვიგებთ ჭორებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ არანაირ კავშირში არ იყოს იმ ადამიანთან, თუმცა არსებობენ ვიღაცები, ვინც ამის გარეშე ვერ ცხოვრობენ. ასეთ ჭორებსა და საზიანო ინფორმაციას უნდა გაეცეს მხოლოდ ერთი პასუხი – უნდა გააგრძელო სწორი სვლა, უნდა გააგრძელო უკეთესად თავის განვითარება და ვერანაირი ჭორი ვეღარ მოგერევა.

ფოტო: სანდრო მარგველაშვილი

წყარო: ბიზნესპოსტი

You may also like

Leave a Reply