არჩილ თალაკვაძე: “ნიკა მელიამ განზრახ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა” 

"სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება, თავისი არგუმენტები წარადგინოს" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ჰქონდა არჩევანი: დარჩენილიყო კანონის ჩარჩოში, ან მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. თალაკვაძის განცხადებით, მელიამ პროვოკაციული გზა განზრახ აირჩია.

"როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში - სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.

თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში, მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განზრახ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში" - აღნიშნა თალაკვაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *