ნიკა მელიას წერილი ციხიდან: თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ – ეს არის ის მთავარი მესიჯი, რითაც ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილი წერილში პროკურატურას პასუხობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრებული თავმჯდომარის წერილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ წაიკითხა:

“მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს და თავისუფლებისმოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ მანდ ხართ, მიხარია, რომ არ ნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები იბრძვიან.

ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა და იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ შემართებას მატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლიტპოლარიზაციის პროცესი – გვქონდეს უკეთესი საქართველო, თავისუფლება.

ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში მოწინააღმდეგის ყველა გეგმას ჩაშლის. დღეს, აქ და ახლა, თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავისუფლებას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის ძალისმიერი შტურმის დროს გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, ვინც იდგა ჩვენს გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისის სახელმწიფოს გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოს მიმართ. 2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად, ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვებისა და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალი, ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეას.

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მას, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს – დანებებით, მხოლოდ ბრძოლით, მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, კრიზისში ახალი პასუხების პოვნით და ისევ მხოლოდ ერთიანობით.

მე მინდა, ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ და ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. საქართველოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს.

თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ.

დღეს საკნის 4 კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლება არ ღირს 40 ათასი ლარი. ეს არც ერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის.

ახლა დგება წუთი, როდესაც მოქალაქეების ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნა, ან დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან.

ვარ მართალი, ვარ მხნედ”. – წერია წერილში.

You may also like

Leave a Reply