ღარიბაშვილი: აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მივიღოთ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს ესაუბრა. როგორც ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი ძირითადად საქართველოში ვაქცინიზაციის პროცესის დაწყებას შეეხო.

“საინტერესო და პროდუქტიული საუბარი მქონდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.

ვისაუბრეთ პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

როგორც ცნობილია, გარდა COVAX-პლატფორმისა, ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მივიღოთ და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი” – ნათქვამია განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply