გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხვალ დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპზეა.

ხვალ, პირველ მარტს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გასამართ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდგომაც მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ. ხვალვე, საბოლოო სიტყვას იტყვიან ბრალდებულებიც და კიდევ ერთხელ, სასამართლოს წინაშე, უკვე საბოლოოდ, დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

პროცესის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება: ვახტანგ ჩიქოვანს,  არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს.

აღნიშნულ ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა, ის ბრალდებულების გამტყუნებასა და მკაცრად დასჯას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ აკაკი ქვრვიშვილსა და ზ.ხ.-ს უკვე აქვთ მისჯილი 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – გურამ ამირახანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში. მათ მიმართ (როგორც არასრულწლოვნების) აღნიშნული განაჩენი დაკავებიდან 6 თვეში დადგა. “ტოიოტა კამრის” დანარჩენი მგზავრები კი 2020 წლის 19 ივნისს, ანუ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს, სრულწლოვანები იყვნენ.

პროკურატურის მტკიცებით, სახელმწიფო ბრალდებასსაკმარისი მტკიცებულებები აქვს და მათი ერთადერთი მოლოდინი ხუთივე პირის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენია. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებს. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მას სწორედ “ტოიოტა კამრის” 5 მგზავრი დაედევნა, არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და მდინარისკენ გაქცეულ ფეხბურთელს ნაპირამდე სდია – სასტიკად სცემა და უგუნო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდო.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სრულად იზიარებს პროკურატურის ვერსიას და ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

You may also like

Leave a Reply