შაქარაშვილის საქმის პროკურორი: “ბრალდებულების ყველა ტყუილი გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება”

“ადვოკატების პოზიცია ჰაერში გასროლილი სიტყვებია,  ზღაპრებს ჰყვებიან, რისიც უკვე აღარავის სჯერა” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელოის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე წარმოთქვა, დღეს კი იგივე ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ.

მისი თქმითვე, ბრალდებულთაგან ჩვენება მისცა მხოლოდ ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ის სწორედ საკუთარ ჩვენებაშივე “გამოიჭირა” პროკურატურამ. დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დანარჩენმა ბრალდებულებმა სასამართლოზე ჩვენება სწორედ აღნიშნულის გამეორების შიშით არ მისცეს.

“ვფიქრობ, რომ დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს. ჰაერში გასროლილი სიტყვები, რომელიც აქამდე გვესმოდა, არანაირად არ იყო დასაბუთებული, რაც სასამართლო პროცესზე გამოჩნდა.

ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვასილ მახარაძის დაკითხვის შედეგად ის სიცრუე გამოვლინდა, რომელშიც ისინი გამოჭერილი იქნენ სასამართლო პროცესზე და თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა იმ ტყუილებს, რომელსაც სასამართლო პროცესზე ამბობდნენ. ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი, რაც იქამდე დაცვის მხარის მიერ იყო ნათქვამი. მთელი ამ პროცესების განმავლობაში, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს, „გუგლმეფში“ დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს ჩართული არ ჰქონდა ინტერნეტი. ნიკა რევაზიშვილს ათქმევინა ყველამ თავისი სათქმელი სასამართლოს წინაშე, თუმცა მანაც სასამართლოში ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი, ვინაიდან ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, ყველა მათი ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება” – განაცხადა ყაზარაშვილმა.

პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება: ვახტანგ ჩიქოვანს,  არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებს. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მას სწორედ “ტოიოტა კამრის” 5 მგზავრი დაედევნა, არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და მდინარისკენ გაქცეულ ფეხბურთელს ნაპირამდე სდია – სასტიკად სცემა და უგუნო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდო.

You may also like

Leave a Reply