გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.

ბრალდებისა და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები უკვე წარმოთქვეს. დღევანდელ სხდომაზე კი მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ და ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სასამართლო განაჩენის გამოსატანად გავა.

პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება: ვახტანგ ჩიქოვანს,  არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს.

პროკურატურის მტკიცებით, სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს და მათი ერთადერთი მოლოდინი ხუთივე პირის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენია. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებს. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მას სწორედ “ტოიოტა კამრის” 5 მგზავრი დაედევნა, არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და მდინარისკენ გაქცეულ ფეხბურთელს ნაპირამდე სდია – სასტიკად სცემა და უგუნო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდო.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე