გიორგი მშვენიერაძე: “რასაც პროკურატურა ითხოვს, TV პირველში არ ინახება, რომც იყოს, მაინც არ გადავცემთ”

“პროკურატურამ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და მოითხოვა არა თავად აუდიოჩანაწერი, რომელზეც შეიძლება ექსპერტიზა ჩატარდეს, არამედ ის მატარებელი [ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა], რაზეც არის ჩაწერილი. ერთია ის, რომ ეს მატარებელი ტვ პირველში არ ინახება და ვერ გადასცემს და მეორე, კიდეც რომ ინახებოდეს მაინც არ გადავცემთ, რადგან ასეთი მოთხოვნის უფლება პროკურატურას არ გააჩნია” – ამის შესახებ ტელეკომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, “ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება მოსამართლის მიერ ამოღების განჩინებაში ჩაწერილი ტექსტი, რომ პროკურატურას შეუძლია პროპორციული ძალის გამოყენება”

“გარდა ამისა, კანონი მოითხოვს, რომ სასამართლომ განჩინებაში უნდა მიუთითოს სად ტარდება ტერიტორიულად, რომელ უძრავ/მოძრავ ქონებაში ამოღება განჩინებაში უნდა იყოს აუცილებლად მითითებული თუკი ცნობილია ვინაობა ვისთან ინახება ან სად ინახება ამოსაღები ნივთი. არცერთი მათგანი განჩინებაში არ არის მითითებული. ამ განჩინებით ფაქტობრივად ნიშნავს რომ პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიადგეს და უთხრას, შენ ხომ არ გაქვს ეს და უნდა მომცე. წარმოუდგენელია ასეთი რამ” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ “ფორმულასთან” საუბრისას.

მისივე თქმით, კონსტიტუციით ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული ინფორმაცია აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებს უფლებამოსილება არ აქვთ, წყაროს გამჟღავნება მოითხოვონ.

“ეს მოთხოვნა არ გულისხმობს მხოლოდ ვერბალურად, ანუ მოწმის ჩვენების მიცემის სახით წყაროს გამჟღავნებისგან თავის შეკავების შესაძლებლობას. ეს მოიცავს ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გადაცემისგან თავის შეკავებას, რომელმაც შესაძლებელია ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება გამოიწვიოს.

უფრო დეტალურად ამ საკითხს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს, რომელმაც ეს გარანტიები კარგად ასახა მის 50-ე მუხლში და თქვა, რომ არ შეიძლება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოწმედ იქნეს დაკითხული ჟურნალისტი იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია კონფიდენციალური წყაროდან ინფორმაციის მიღებასთან ან მას მოეთხოვოს რაიმე საგნის, მტკიცებულების ან რაიმე დოკუმენტის გადაცემა საგამოძიებო ორგანოსთვის” – განაცხადა მშვენიერაძემ გადაცემა “კომენტარში”.

You may also like

Leave a Reply