ირაკლი ღარიბაშვილი: “ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების” 

“არ მსურს მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს ყოველთვის თავის მართლება და განმარტებების გაკეთება” – ამ კომენტარით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩანაწერი არის 11 წლის წინანდელი.

„ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური კონტროლის და მოსმენების მსხვერპლი. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან და არის ფაბრიკაცია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე განმარტა, რას ნიშნავს ჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ მისთვის ნათქვამი ფრაზა „მინისტრები დაგირეკავენ“. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მას, როგორც „ქართუ ფონდის“ დირექტორს მინისტრებთან კონტაქტი ხშირად უწევდა.

,,საუბარი იყო იმაზე, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და წლის განმავლობაში 200-მილიონიანი პროექტები გვქონდა. ბუნებრივია, მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. მქონდა არაერთი შეხვედრა კულტურის მინისტრ ბატონ რურუასთან, თბილისის მერთან. მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და „ქართუ ფონდში“ გვსტუმრობდა, აქედან გამომდინარე პასუხი ნათელია” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Reply