მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმებას, კაფე-ბარებსა და რესტორნებში კი ცოცხალი მუსიკის დაშვებას ითხოვენ   

ქართული მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმებას, კაფე-ბარებსა და რესტორნებში კი ცოცხალი მუსიკის  დაშვებას ითხოვენ!

“ქართული მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ კვლავ შევძლოთ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით იმ ობიექტებზე, რომლებიც თანდათანობით იწყებს ფუქცნიონირებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავაც აკრძალულია კულტურული ღონისძიებები.

სამწუხაროდ, 2020 წლიდან მოყოლებული პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს  გამორჩეულად შეეწირა მუსიკოსების უფლებები. უკანასკნელი რეგულაციების შემსუბუქებულ ჩამონათვალშიც ვერ ვნახეთ ინფორმაცია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი შეზღუდვის შემცირება-მოხსნის შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩვენი გაკვირვება და შეშფოთება. თუ ნელ-ნელა ხდება ბარების, რესტორნებისა და სასტუმრობის გარე და უკვე შიდა სივრცეების ფუნქციონირების დაშვება, გაუგებარია, რატომაა აკრძალული მუსიკის ცოცხალი შესრულება.

მუსიკა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გართობა! მუსიკა არის ცხოვრების არა მხოლოდ შემადგენელი, არამედ განუყოფელი ნაწილი და ასევე, ცხადია, შემოსავლის წყარო,   უმრავლესობისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება ! ასე რომ, მივმართავთ ზემოთ აღნიშნულ შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების წუხილი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პრობლემის დროულად გადასაჭრელად,”-წერია მიმართვაში.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე