რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა გარდაიცვალა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. 88 წლის დათა პაპა ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინად იწვა.

2011 წელს ოკუპანტი რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი ბორდერიზაციის შემდეგ, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები ზუსტად სახლის წინ გაუბეს, შედეგად საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დათა ვანიშვილს არაერთხელ შესთავაზეს ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” მოქალაქეობის მიღება და პენსიის დანიშვნა, თუმცა მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა. ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო ის რამდენჯერმე სეპარატისტებმა უკანონოდ დააკავეს ე.წ. “საზღვრის” გადაკვეთის ბრალდებით. მოხუცს ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, თუმცა აზრი მოქალაქეობასთან დაკავშირებით არ შეუცვლია. დათა პაპა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. მასთან წლების განმავლობაში მოსანახულებლად არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი ჩასულა. ყველა მათგანი დათა პაპას მაგალითზე საკუთარი თვალით ხედავდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების შედეგად გაყოფილ ოჯახებსა და იქ მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს.

You may also like

Leave a Reply