თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სხდომას არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

 ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.

2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის პირველ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თებერვალში მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა, პარტიის ოფისში 23 თებერვალს, დააკავა.

You may also like

Leave a Reply