პროკურორი: დავით კოდუამ რამდენჯერმე დაარტყა ცოლს მუშტი და ფეხი, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა შვილსაც, რომელიც დედის დაცვას ცდილობდა

დავით კოდუამ ფიზიკურად იძალადა ცოლსა და შვილზე – ამის შესახებ საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენმა დავით კოდუამ ცოლს რამდენჯერმე დაარტყა, ხოლო შემდეგ ასევე ფიზიკურად გაუსწორდა შვილს, რომელიც დედის დაცვას შეეცადა.

“დავით კოდუამ ოჯახის ორი წევრის მიმართ იძალადა, რისი საფუძველიც ურთიერთშელაპარაკება გახდა, თავდაპირველად, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

ბრალდებულმა ხელების და ფეხის გამოყენებით იძალადა მეუღლეზე, სახეში მუშტი დაარტყა, შემდეგ კი ფეხი დაარტყა ფეხის არეში და ეს დაზიანებები აშკარად ეტყობოდა მეუღლეს. კოდუამ ამის შემდეგ შვილზე გადაინაცვლა, რომელიც დედის დაცვას შეეცადა. ის ვერ აკონტროლებდა თავს და ავლენდა აგრესიას” – განაცხადა პროკურორმა.

სახელმწიფო ბრალდება დავით კოდუას მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, რასაც მიმალვისა და მომავალში დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო გაგრძელებით ასაბუთებს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ბიზნესმენ დავით კოდუას მიმართ წაყენებული ბრალდება სასჯელის ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე