ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეები კვლავ ძალაში რჩებოდა და ამიტომ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრთხეები რჩებოდა ძალაში და სამივე ბრალდებულის მიმართ გამოეყენებინა პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება. გვქონდა საშუალება, გავცნობოდით საქმის მასალებს და არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც თანხვედრაში არის დაზარალებულის პოზიციებთან, გაცხადებული მის საჯარო განცხადებებში.

ეს არაა მხოლოდ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე. მნიშვნელოვანი საქმეა მედიის თავისუფლების მიმართ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი წახალისებულია  მედიაზე თავდასხმის კუთხით. საქმეზე უნდა გამოვიდეს სწორი გადაწყვეტილება – ესაა ჩვენი პოზიცია” – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ვახო სანაია დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

You may also like

Leave a Reply