“ანაკონდას მარყუჟი-სამხრეთ კავკასიის რეგიონი გეოპოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრშია”-სოსო მანჯავიძე

ავტორი შორენა პირველი

“გეოპოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობს სხვადასხვა იდეოლოგიური საფარის ქვეშ… დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი ამ ბრძოლის ეპიცენტრშია, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გავიგოთ გეოპოლიტიკური რეალიები და შევიმუშავოთ ადექვატური მიდგომები,”- საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე საუბრობს. მისი შეგფასებით, ძირითადი ყურადღება რუსეთის უახლოეს გარემოცვაზეა გადატანილი, რაც  რუსეთის წინააღმდეგ ანაკონდას სტრატეგიის, იგივე კისინჯერის „რგოლის“, ან „დისკონტური სარტყელის“ პოლიტიკაში გამოიხატება.  “რუსეთისთვის პოტენციური ზიანის მიყენების თვალსაზრისით ერთ-ერთი  სცენარი სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის ეკონომიკური კონკურენციის სტიმულირებაა, რის ბაზაზეც ამ ქვეყნების ელიტებთან კავშირების გაფართოება უნდა მოხდეს,”-აღნიშნავს მანჯავიძე.

“დღესდღეობით ბევრი გეოპოლიტიკოსი კლასიკურ გეოპოლიტიკას მარტივად მიიჩნევს, ისინი თვლიან, რომ გეოპოლიტიკაში არ არსებობს საერთო კანონზომიერებები, რომლებიც იმ სახით მოქმედებენ, როგორც ამას გეოპოლიტიკის ფუძემდებლები მიიჩნევდნენ, რომ არსებობენ მხოლოდ ფენომენალური გამოვლინებები, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, ამასთან, გამოვლინების შესაძლო კომბინაციები ძალზე განსხვავებულია და სპეციფიკური, თუმცა გეოპოლიტიკოსები, რომლებიც უშუალოდ ამუშავებენ სახელმწიფოების სტრატეგიებს და დოქტრინებს, მიიჩნევენ, რომ კლასიკური გეოპოლიტიკის მიერ აღწერილი კანონზომიერებები დღესაც აქტუალურია და იძლევა საშუალებას, რომ მათ საფუძველზე შემუშავდეს შესაბამისი გეოსტრატეგია და პოლიტიკა. როგორც ამერიკელი გეოპოლიტიკოსი ჰ. ბოლდუინი წერს: „მაკინდერის და სფიქმენის გეოპოლიტიკური კონცეფცია ძირითადად დარჩება სწორ მიმართულებად მომავალშიც“.
იგივე მოსაზრებას იზიარებს ზბიგნევ ბჟეზინსკი, იზიარებდა რა მაკინდერის ფორმულას, რომ „ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს შუაგულ მიწაზე, ხოლო ის ვინც ბატონობს შუაგულ მიწაზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე.“იგი, როგორც სტრატეგი, აშშ-სა და დასავლეთის ძალისხმევას სწორედ ამ მიმართულებით მიმართავდა. ბზეჟინსკი მიიჩნევდა, რომ „გეოპოლიტიკამ წინ წაიწია რეგიონალური აზროვნებიდან გლობალურისკენ… ამასთან უპირატესობა მთელ ევრაზიულ კონტინენტზე ენიჭება ცენტრალურ საფუძველს, გლობალურ მეთაურობას“. კლასიკური გეოპოლიტიკის საფუძვლებს ეყრდნობა თანამედროვე გეოპოლიტიკის მეორე დიდი წარმომადგენელი ჰ. კისინჯერიც, რომელმაც ს.კოენის „დისკონტური სარტყელის“ კონცეფცია გამოიყენა ევრაზიის სანაპირო ზონების შეკვრისათვის და ამის საშუალებით „საბჭოთა ევრაზიაზე“ ატლანტიზმის სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად.
ამ დოქტრინამ „რგოლის“ (the Ring) სახელწოდება მიიღო, რომელიც „ანაკონდას სტრატეგიის“ დაზუსტებულ, დახვეწილ ვარიანტს წარმოადგენდა. ჰ, კისინჯერის აზრით, „გეოპოლიტიკური კანონებით რუსეთს, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინ მართავს მას, მკაცრად უკავია ის ადგილი, რომელსაც ჰელფორდ მაკინდერი უწოდებდა გეოპოლიტიკურ „შუაგულ მიწას“ — HEARTLAND და წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ძირითადი იმპერიული ტრადიციის მემკვიდრეს“. შესაბამისად, ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის ძირითადი ტენდენცია, რომლის თეორიული საფუძვლებიც შეიმუშავეს ჰ.მაკინდერმა და ნიკოლას სფიქმენმა და რომლებიც ასახავდნენ საზღვაო და სახმელეთო იმპერიების ბრძოლის რეალიებს, დღესაც აქტუალურნი არიან, ვინაიდან არ შეცვლილა ისტორიის აქტანტები, თუმცა იცვლება მასშტაბები და ტექნოლოგიები. თუ 19-ე საუკუნის ინგლისის საზღვაო იმპერიის მთავარი ამოცანა იყო არ დაეშვა საფრანგეთ-რუსეთის, შემდეგ რუსეთ-გერმანიის უნია, რაც მან წარმატებით მოახერხა, დღეს იგივე მიზნების მიღწევას ემსახურება სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ნატო, რომლის მთავარი მიზანია არ დაუშვას რუსული და შემდგომ საბჭოთა იმპერიის კვლავ გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში და რუსულ-ჩინური ალიანსის ჩამოყალიბება აზიაში. ეს ბრძოლები მიმდინარეობს სხვადასხვა იდეოლოგიური საფარის ქვეშ, რომლებიც უმეტესწილად წარმოადგენენ გლობალური დომინირებისკენ მისწრაფების მიმიკრიას. დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი ამ ბრძოლის ეპიცენტრშია, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გავიგოთ გეოპოლიტიკური რეალიები და შევიმუშავოთ ადექვატური მიდგომები.

დიდი თამაში, ანუ პერმანენტული მტრობა
2019 წელს RAND KORPORATION-მა გამოაქვეყნა 300-გვერდიანი კვლევა „გაფართოებადი რუსეთი-კონკურენციის მომგებიანი პოზიციებიდან“. (EXTENDING RUSSIA. COMPETING FROM ADVANTAGEUS GROUND) ეს კვლევა გამოცდილი დიპლომატების — ევროპულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწისა და ევროკავშირში აშშ ელჩის ჯეიმს დობინსის, პროფესორის (ბრუკინგის ინსტიტუტი, ამერიკის საწარმოთა ინსტიტუტი, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი) და სამხედრო დაზვერვის ოფიცრის რაფაელ კოენის კოლექტიური ნამუშევარია. პროცესში მონაწილეობდა RAND-ის კიდევ შვიდი საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო ინდუსტრიის, დაზვერვის, პოლიტიკური და ტექნიკური მეცნიერებების მკვლევარი.
კვლევა წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა გამოიყენოს რუსეთის მოწყვლადობა და სისუსტეები მისი პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო შეზღუდვის მიზნით.
რას სთავაზობენ ანალიტიკოსები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას?
შესაძლებელი სამოქმედო გეგმა ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, საინფორმაციო -იდეოლოგიური და სამხედრო ბლოკებისგან შედგება.
ექსპერტები ცდილობენ დეტალურად და მეცნიერული სიზუსტით გათვალონ შესაძლებელი მოგება და რისკები აშშ-თვის.
ეკონომიკური ბლოკი ოთხი ოფციისგან შედგება, ესაა ენერგომატარებლების მოპოვება-ექსპორტის გაზრდა რუსეთის ბაზრის წილის შემცირების მიზნით, სანქციების გაძლიერება, დაჭირხლული გაზის გაზრდისკენ მიმართული მოქმედებები და რუსეთიდან კვალიფიციური მუშახელის, ანუ ტვინების გადინების ხელშეწყობა.
ექსპერტების აზრით, ამ ოთხიდან პირველ სამს მეტი ზიანის მოტანა შეუძლია რუსეთისათვის, თუმცა სანქციებს გარკვეული რისკები ახლავს თან.
გეოპოლიტიკურ სექციაში ექვსი სცენარია., რომლებიც მოიცავენ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებსაც. ყოველ სცენარს თან საკუთარი რისკები, ხარჯები და მოსალოდნელი ეფექტის გათვლა ახლავს.
რუსეთისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიყენება, ექსპერტების აზრით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას შეუძლია, რომ რუსეთს არ მიეცეს თავისი სამხედრო უპირატესობის რეალიზაციის საშუალება და მუდმივად უწევდეს ხარჯების ზრდა და სხვა არასასურველი ეფექტების ატანა.
ცხადია ეს სტრატეგია განხორციელების სტადიაშია, უკრაინელი ხალხი კი სცილასა და ქარიბდას შუაა მოქცეული.
მეორე ადგილზე რუსეთისთვის პოტენციური ზიანის მიყენების თვალსაზრისით სირიაა. აქ რეკომენდირებულია ისლამისტი მებრძოლებისთვის დახმარების გაზრდა, თუმცა გათვალისწინებულია ის რისკები და გართულებები, რომლებიც დაკავშირებულია სირიული ოპოზიციის სიჭრელესთან და ანტიამერიკულ განწყობებთან რადიკალ ისლამისტ მებრძოლებში, ისევე როგორც ფინანსური ხარჯების სიდიდე, ტრადიციული მოკავშირეების დაკარგვის საფრთხე ერაყში შეჭრის შემდეგ და ა.შ.
ისლამისტი მებრძოლების მხარდაჭერა ორივე მხრიდან წარმოადგენს სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯს, რომლის მართვაც ილუზიას წარმოადგენს.
მესამე ადგილზე ბელორუსში რეჟიმის ცვლილებაა. ავტორები სკეპტიკურად უყურებენ ამ სცენარის წარმატებას, ამასთან საფრთხედ თვლიან რუსეთის მკაცრ პასუხს, რაც მკვეთრად გააუარესებდა ვითარებას ევროპაში და შეასუსტებდა აშშ-ს გავლენას.
ამ სტრატეგიის განხორციელების მცდელობები ყველამ ვიხილეთ, რაც დღესაც გრძელდება.
ავტორებმა მეოთხე ადგილზე სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის ეკონომიკური კონკურენციის სტიმულირება მიიჩნიეს, რის ბაზაზეც ამ ქვეყნების ელიტებთან კავშირების გაფართოება უნდა მოხდეს. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ამოცანის შესრულებას ართულებს სპეციფიური გეოგრაფია და ისტორია.
მეხუთე სცენარი-რუსეთის გავლენის შესუსტება ცენტრალურ აზიაში ძალიან ძვირადღირებული და რთული შეიძლება გამოდგეს აშშ-სთვის.
და ბოლოს-მეექვსე გეოპოლიტიკური სცენარი-რუსული ჯარების განდევნა დნესტრისპირეთიდან, რაც მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს რუსეთს, თუმცა ამან შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი გამოიწვიოს, ვინაიდან მისცემს რუსეთს სახსრების ეკონომიის საშუალებას, მაშინ როდესაც ხარჯები გაეზრდება აშშ-ს და მის მოკავშირეებს..
აშკარაა, რომ ძირითადი ყურადღება სწორედ რუსეთის უახლოეს გარემოცვაზეა გადატანილი. სახეზეა ანაკონდას სტრატეგიის, იგივე კისინჯერის „რგოლის“. ან „დისკონტური სარტყელის“ პოლიტიკა.
საინფორმაციო და იდეოლოგიური ზომების სექცია რუსეთის შიდა პოლიტიკისკენ არის მიმართული. აქ ოთხი სცენარია: 1. საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია; 2. მმართველი ელიტის მიმართ აგრესიული განწყობის შექმნა; 3. პროტესტის და ძალადობის სტიმულირება; რუსეთის დემონიზირება საზღვარგარეთ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სავარაუდო სამხედრო ზომებს ყველაზე მეტი ეფექტები აქვთ და ეს სამივე მიმართულებას მოიცავს, კერძოდ, საზღვაოს, საჰაეროსა და სახმელეთოს.
ექსპერტები თვლიან, რომ ბომბდამშენების გადასროლა ლოკაციაზე, რომლიდანაც რუსეთის სტრატეგიული ობიექტები მოწყვლადია, ეფექტური იქნება და გამოიწვევს მოსკოვის შეშფოთებას. ავტორები მიიჩნევენ, რომ რისკები და ხარჯები ამ შემთხვევაში მინიმალურია, ვინაიდან ბომბდამშენები რუსული ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობისთვის მიუწვდომელნი არიან.
გამანადგურებლების გადასროლა, რათა ისინი თავიანთ სამიზნეებთან უფრო ახლოს იყვნენ, შეიძლება უფრო აშფოთებდეს მოსკოვს, თვლიან RAND-ის ექსპერტები, თუმცა წარმატების ალბათობა დაბალია, ხოლო რისკები-მაღალი. ამის მიზეზი ისაა, რომ ყოველი თვითმფრინავი იძულებული იქნება განახორციელოს რამდენიმე საბრძოლო გაფრენა მცირე სასარგებლო დატვირთვის გამო, რაც ზრდის მათი ბაზირების ადგილების განადგურების საფრთხეს კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე.
დამატებითი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განლაგება ევროპის და აზიის რეგიონებში შეაშფოთებდა რუსეთს, რაც მას დამატებთი ხარჯების გაწევას აიძულებდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე. ეს ვარიანტი, „ბომბდამშენების“ ოფციასთან ერთად ავტორებს განსაკუთრებით მიმზიდველად მიაჩნიათ, თუმცა დიდი რაოდენობით ასეთი იარაღის განთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის უმართავი პასუხი, რაც დააზიანებს აშშ-ს და მოკავშირეებს. ამერიკელთა და მოკავშირეების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება რუსული ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად ასევე შეაშფოთებს და გააღიზიანებს რუსეთს, მაგრამ დიდი ალბათობით ყველაზე ნაკლებად ეფექტური ვარიანტი იქნება, ვინაიდან რუსეთს ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა აქვს, რომლებსაც ამასთან მოდერნიზაციის პოტენციალი გააჩნია, რაც აშშ-ს და მოკავშირეებს გარდაუვალი დარტყმის საფრთხის ქვეშ აყენებს.
ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ აშშ-ს მთავრობას დააფინანსონ უხილავი მცირეგაბარიტიანი და შორი მოქმედების თვითმფრინავების მასიური წარმოება, ისევე, როგორც დისტანციურად მართვადი დამრტყმელი თვითმფრინავებისა, რაც მოსკოვის განსაკუთრებულ ნერვიულობას იწვევს..
როგორც ექსპერტები წერენ, ამ ვარიანტების მთავარი რისკი მდგომარეობს შეიარაღებათა ახალ შეჯიბრში, სადაც შეერთებულ შტატებს მოუწევს დიდი სახსრების ხარჯვა, მაშინ როდესაც რუსეთმა შეიძლება გამონახოს იაფი ასიმეტრიული პასუხი.
საზღვაო კონფრონტაციის ხაზით ექსპერტები რუსეთისთვის პოტენციურად საშიშ ზონებში დიდი საზღვაო ძალების კონცენტრაციის რეკომენდაციას იძლევიან ეს ზონებია: ბალტიის ზღვა, არქტიკა, შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზი. საუბარია ახალი ტიპის იარაღის წარმოებაზე, რომლებმაც უნდა გაანადგურონ რუსული ატომური წყალქვეშა ნავები., ამასთან, თვლიან ექსპერტები, კარგი იქნებოდა, თუ შტატები გაზრდიდა წყალქვეშა გემების რაოდენობას, ხოლო ნატო განალაგებდა შორი მოქმედების საზღვაო რაკეტებს, რაც აიძულებდა მოსკოვს ხარჯები გაეზარდა ყირიმის დასაცავად.
ხმელეთზე სასურველად მიიჩნევა ნატოს ევროპული კონტინგენტის რიცხოვნობის გაზრდა, მისი უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან განლაგება, ამასთან მიუთითებენ ნატოს სწავლებათა რაოდენობისა და ხარისხის ზრდის მნიშვნელობაზე, რომლებიც მოსკოვისთვის მკაცრი სიგნალი უნდა გახდეს. ასევე უნდა გაიზარდოს საშუალო სიშორის რაკეტების რაოდენობა და ხარისხი, რაც აიძულებს რუსეთს, გაზარდოს ხარჯები ადექვატური პასუხის გასაცემად. დაბოლოს, არატრადიციული იარაღის (მაგალითად, ლაზერული) იარაღის წარმოება, რაც გაანეიტრალებდა რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.
რუსეთის პასუხი
გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში არ არსებობენ კარგი და ცუდი ბიჭები, ისევე, როგორც ტერიტორიული დომინირებისთვის ბრძოლაში არ შეიძლება ვისაუბროთ, მაგალითად, კეთილ და ბოროტ ვეფხვზე ან გორილაზე, იმპერიებიც მოქმედებენ მკაცრად საკუთარი ინტერესების შესაბამისად და თუ ისინი შიდა პრობლემების გამო ამას ვერ ახერხებენ, იწყება მათი დეგრადაციის პროცესი. ცხადია, აქ არც რუსეთია გამონაკლისი და ზემოთმოყვანილ სტრატეგიებზე მას აქვს საკუთარი პასუხები, რომელიც ასიმეტრიული ხასიათისაა რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სისუსტის გამო. რუსეთი აცნობიერებს, რომ აშშ-ს და მოკავშირეების ჯამურ სიძლიერეს ფრონტალურად ვერ დაუპირისპირდება და ამიტომ მთავარ აქცენტებს ჰიბრიდული ომის, მოკავშირეთა გათიშვის, სპეციალური ოპერაციების, ჩინური კარტის გათამაშების და, უკიდურეს შემთხვევაში, მოდერნიზებული ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აკეთებს, რასაც ადასტურებს მისი ახალი დოქტრინა. ამავე დროს რუსეთი აქტიურად ცდილობს არ ჩამორჩეს, ახალი, „ქსელური“ ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას თანამედროვე ომის წარმოებისთვის. რუსეთი ასევე ცდილობს შეიმუშაოს ახალი „დიდი იდეა“ პოსტ-საბჭოთა სივრცეში გავლენის აღსადგენად, რაც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს.
როცა რეალობა სურვილებს არ შეესაბამება
ჩვენი აზრით, RAND-ის მკვლევარები სამყაროს კვლავ ერთპოლუსიანი სამყაროს პარადიგმაში აღიქვამენ, როდესაც აშშ-ს ჰქონდა ამბიცია ყოფილიყო არბიტრი და ბენეფიციარი ევრაზიაში მიმდინარე ყველა პროცესისა. დღეს, ჩინეთის არნახული აღმასვლის პირობებში, რუსეთთან კონფრონტაცია ამ უკანასკნელს ჩინეთის პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური გავლენის სფეროში მოქცევისკენ მიაქანებს, რაც აშშ-ს ინტერესებს ნამდვილად არ შეესაბამება. ჩინური სტრატეგია, რომელიც დიდის სიფრთხილით და მეგატექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, მათ შორის, აშშ-ს ელიტაში საკუთარი გავლენის აგენტურის მეშვეობით, სწორედ აქეთკენ არის მიმართული.
აშშ-ს პოლიტიკური სისტემა და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ეს ქვეყანა მოიცვა, ზემოთქმულის უამრავი მიმართულების განვრცობის საშუალებას იძლევა. კერძოდ, აშშ-ის პოლიტიკური სისტემა არათუ ვეღარ აკონტროლებს, არამედ თვითონ მოექცა ახალი არატრადიციული გლობალური აქტორების გავლენის ქვეშ, რომლებისთვისაც აშშ არაა პრიორიტეტული და საკუთარ ინტერესებს საერთოდ არ განიხილავენ აშშ-ს სახელმწიფოს კონტექსტში, ლობირებენ რა მათ კორუფციით მძიმედ დაავადებული და მოწყვლადი აშშ-ის პოლიტიკური სისტემის გამოყენებით. ცხადია, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დიქტატურის პირობებში ჩინური პოლიტიკური სისტემა ნაკლებად მოწყვლადია, რაც მას კონსოლიდირებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მოქმედებების საშუალებას აძლევს.
დასკვნა:
როგორც ვხედავთ, RAND-ის კვლევაში ოთხივე მოდული ერთმანეთს ავსებს. ამავე დროს, კვლევაში ნაკლებადაა გამახვილებული ყურადღება ე.წ ქსელური ომების ტექნოლოგიებზე, რაც, ვფიქრობ, შეგნებულად არის გაკეთებული. სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ სერიოზულად განიხილავს ომის შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციასთან. სრულიად საქმიანად და მშვიდად არის განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა უკრაინის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ხმელეთზე და შავი ზღვის აუზში, რა მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიას, როგორ გაანადგურონ რუსული წყალქვეშა ნავები და ა.შ. ცხადია, RAND-ის ეს კვლევა აშშ-ს გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრს გაცილებით ადრე გადაეცა, ხოლო გამოქვეყნებული კვლევის აქცენტები კორექტირებულია პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. დღევანდელი გადასახედიდან მეტად საინტერესოა ამ დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციიების იმპლემენტაციის პროცესი ბელორუსში, ყირგიზეთში, უკრაინაში და სამხრეთ კავკასიაში, ისევე როგორც რუსეთის მოქმედებები ამ მიმართულებებზე. ამავე დროს, როგორც აშშ-ს ისევე რუსეთის მოქმედებები ნათლად ადასტურებს, რომ ტრადიციული გეოპოლიტიკური მიდგომები კვლავ ძალაშია და აქტორები ახალი ტექნოლოგიების პირობებში კიდევ უფრო აგრესიულად ცდილობენ საკუთარი ინტერესების განხორციელებას გლობალური განადგურების აშკარა საფრთხის მიუხედავად.”

You may also like

Leave a Reply