23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში-ვარლამ გოლეთიანი

23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართება, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს იგეგმება.

„გვქონდა დაახლოებით ეს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით წაგვიყვანდა ხელისუფლება თავად. ნამდვილად არ გვსიამოვნებს ფართომასშტაბიანი აქციების გზა. გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცაღა, ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ვექტორი სხვაგან წავიდეს, რომ საკითხებში შინააარსობრივად არ შევიდეთ და მართლა შინაარსობრივი საუბრები არ გაიმართოს ჩვენ შორის, რისი მაგალითიც იყო ნათია თურნავას გაპარვა იმ შეხვედრიდან. ახლა დღევანდელი განცხადებაც ამის მკაფიო მაგალითია. ამიტომ, მოგვიწევს უკვე, რომ მთელმა ერმა და საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისათვის,  დღეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით  მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.  როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

„კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე