მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას – ბზობის დღესასწაულს ზეიმობს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება.

ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

სახარების მიხედვით, იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!”

ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ ნაწილის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და ა.შ.

ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას (იოანე 11, 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“).

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნდა.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე მივირთმევთ თევზსაც.

წინა წლის ბზის ნაკურთხი ტოტები მორწმუნეებს ან ეკლესიაში მიაქვთ, სადაც მათ შესაგროვებლად კონკრეტული ადგილია გამოყოფილი, ან თვითონვე წვავენ სუფთა ადგილას.

You may also like

Leave a Reply