“ბარსელონა 1992” – საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა, ხახალეიშვილის “დაკარგული” ოქრო

საქართველო პირველად 1992 წლის ოლიმპიადაზე გამოჩნდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით ქართველ სპორტსმენებს საქართველოს სახელით არ უასპარზიათ. მართალია, ჯერ დსთ-ს წევრი არ ვიყავით, მაგრამ ჩვენი ქვეყანაც ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყანათა გაერთიანებულ გუნდში მოხვდა. ეს იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 სახელმწიფოსგან შემდგარი გუნდი.
შესაბამისად, ბარსელონის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლები ოფიციალურად საქართველოს არ ეკუთვნის. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ ამ წელს საქართველომ სამი ოლიმპიური ოქრო “დაკარგა”, მათ შორის ჯუდოში. თუმცა, კარგი ისაა, რომ ეს მედლები არც საბჭოთა კავშირის ანგარიშზეა და მით უმეტეს, არც რუსეთის.
ბარსელონაში ჩვენმა მძიმეწონოსანმა დავით ხახალეიშვილმა მოახერხა პირველობა. ფინალში მან იაპონელი ნაოია ოგავა დაამარცხა. მართალია, ოქროს მედალი ოფიციალურად ჩვენს ქვეყანას არ ეკუთვნის, მაგრამ 1991 წლის ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენები საკუთარი სამშობლოს სიმბოლიკით მონაწილეობდნენ. შესაბამისად, დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ჯუდოკაა, ვისი გამარჯვების პატივსაცემადაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა აიწია და საქართველოს ჰიმნი დაიკრა.
ჩვენს მსგავსად ბარსელონაში მოპოვებული ოქროს მედალი ოფიციალურად არ ეკუთვნის აზერბაიჯანსაც, რომელიც ასევე ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყანათა გაერთიანებულ გუნდში იყო და, რომელსაც ჩემპიონი 60 კგ-ში ნაზიმ ჰუსეინოვი გაუხდა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს 2008 წლამდე არა თუ ჩემპიონი, არამედ ოლიმპიადის მედალოსანიც აღარ ჰყოლია, ხოლო პეკინში ოქრო ელნურ მამადალმა 73 კგ-ში მოიპოვა, რაც ჯერჯერობით ჩვენი მეზობლებისთვის ერთადერთი უმაღლესი სინჯის ოლიმპიური მედალია.
ზუსტად 89 დღეში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი კვლავ გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24 -დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply