“რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილი

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
სააკაშვილი

„ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, უნდა შეწყდეს ადამიანების პოლიტიკუკრი დევნა, მათ შორის, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აქტივისტების, როგორიცაა, გიორგი მუმლაძე და სხვა და მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიეთობა ჩემს მხარდამჭერებთან“, – ეს სამი საკითხი დაასახელა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პროცესების სრული ნორმალიზაციისთვის აუცილებელი წინაპირობად ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებული ვიდეომიმართვისას. მისი თქმით, ის, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, ოპოზიციას საქმეს ნამდვილად არ უადვილებს.

„პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია…

…რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში, ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე. ეს უმძიმესი კრიზისი, როდესაც ყველას თვალი აქვს გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ უკვე გადააჭარბა ყველანაირ საზღვარს, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ პოლიტიკური დიალოგით დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.

მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ ვთქვათ, სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ. არ აადვილებს, პირიქით, გვიძნელებს. მე მინდა თქვენთან ერთად გადავლახო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე. მე მინდა, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს, მე მინდა, რომ ევროკავშირის და სხვების შუამავლობის პროცესს რეალური შედეგები მოჰყვეს და ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველამ გულწრფელად მოვინდომოთ სიტუაციის გამოსწორება და ამ ყველაფრის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მაინც არ დადგება და ნამდვილად არ შედის ეს არავის ინტერესებში“, – აცხადებს სააკაშვილი.

You may also like

Leave a Reply