რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება ხორცის შეძენისას – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას საეჭვო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

„ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სურსათის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო ობიექტს, გამოკრული უნდა ჰქონდეს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე“, – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას საეჭვო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

„სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მოსახლეობას საეჭვო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან თვის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

„აღდგომის დღეებში იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რელიზაციის პირობები. ასევე, უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.

ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სურსათის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო ობიექტს, გამოკრული უნდა ქონდეს, მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე, ხორცის დამზადების თარიღი და საათი;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს – ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია +20C-დან +60C გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული სურსათის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.

გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავერცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Reply