ტადაჰირო ნომურა – ერთადერთი სამი ოლიმპიური ოქროთი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ჯუდოში სამი ოლიმპიური ოქრო ერთადერთ კაცს აქვს მოგებული და ეს ტადაჰირო ნომურაა.

ჯუდო ნომურას ოჯახში უცხო ხილი ნამდვილად არ იყო. ბაბუაც და მამაც სენსეი გახლდათ, ხოლო ბიძას – ტოიოკაზუ ნომურას, საერთოდაც, ოლიმპიური თამაშები ჰქონდა მოგებული 1972 წელს.

ჯუდოს უმაღლეს მწვერვალს ნომურა პირველად 1996 წელს ატლანტაში შეწვდა. 60 კგ-ის ფინალში 22 წლის ნომურამ იტალიელი ჯიროლამო ჯოვინაცო დაამარცხა ეფექტური სეოი-ნაგეთი.

შემდეგ იყო სიდნეი, 14 წამში დაიპონებული კორეელი ჯუნგ ბუ-კიონგი და მეორედ მოგებლი ოლიმპიური ოქრო.

ისტორიის დაწერა და ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრების მესამე ოქროს მოგება ნომურამ 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მოახერხა. საჩემპიონო შეხვედრაში მან ნესტორ ხერგიანს სძლია გაფრთხილებებით.

ნომურას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მეოთხე ოლიმპიური ოქროსთვის შეეტია და თითქოს ყველაფერი აქეთკენაც მიდიოდაო. მან ჯერ პრაღის მსოფლიო თასი მოიგო 2006-ში, შემდეგ 2007-ში იაპონიის ჩემპიონატზეც იპირველა, თუმცა 2008-ში, როცა ოლიმპიური გუნდი ყალიბდებოდა, ქვეყნის შიდა პირველობის ნახევარფინალში დამარცხდა დაისუკე ასანოსთან. ამ უკანასკნელს ფინალში, თავის მხრივ, ჰირაოკი ჰირაოკამ აჯობა და ბეიჯინგში სწორედ მან წარადგინა იაპონია 60 კგ-ში.

მიუხედავად ასაკისა (იმ დროს 38 წლის გახლდათ) ნომურა კვლავაც ჯიუტაც აგრძელებდა მეოთხე ოლიმპიურ ოქროზე ფიქრს და გადაწყვიტა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის ებრძოლა, თუმცა უკვე ასაკში შესული და ტრავმებისგან გაწამებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იძულებული გახდა კარიერის დასრულების შესახებ გამოეცხადებინა.

ტადაჰირო ნომურას რეკორდი ჯერაც ხელშეუხებელია, თუმცა ტედი რინერს წელსვე შანსი აქვს ეს უნიკალური შედეგი გაიმეოროს. ტოკიოში გამარჯვების შემთხვევაში ფრანგი მესამედ მოიგებს ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ შეჯიბრებას და ისტორიაში საუკეთესო ოლიმპიელი ჯუდოკაც გახდება – 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით.

ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 86 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply