“დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა”

დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა

დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა… სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.  არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

სამი ჯვარი აღმართა პილატემ გოლგოთაზე: ორი ავაზაკთათვის და ერთი მაცხოვრისთვის.

აღსასრული მოახლოებულიყო.

შესაძლოა, ავაზაკებს ხიფათითა და ცოდვით აღსავსე ცხოვრება აგონდებოდათ;

განიცადეს კი უფლის მსგავსად გამათრახება, ტანჯვა-დამცირება? ! ალბათ, არა.

სიკვდილი მათთვისაც გარდუვალი იყო. უიმედობა და გაბოროტება ჯვარცმულ ავაზაკებს ყველა ადამიანის მიმართ დაეუფლათ.

ხედავდნენ გასისხლიანებულსა და ტანჯულ უფალს. ესმოდათ მაცხოვრის შეურაცხმყოფელი სიტყვები მღვდელმთავრებისაგან და ხალხისაგან. ეგებ სასწაულსაც ელოდნენ. სასწაულს, მათაც რომ იხსნიდა. მაგრამ მალე გადარჩენის იმედი გაუქრათ, და ეს უგულისხმონიც ქრისტეს შეურაცხმყოფელთა შორის აღმოჩნდნენ. მათ მართლა არ უწყოდნენ რას სჩადიოდნენ, იტანჯებოდნენ ხორციელად და სულიერად. უიმედობით გაბოროტებული ავაზაკები გმობდნენ უფალს, უფალი კი, უსაზღვროდ ტანჯული, გმობისა და სიძულვილის ნაცვლად აქამდე უცნობ, განსაცვიფრებელ მიმტევებლურ სიტყვებს წარმოთქვამდა…

ყოვლისშემძლე ტანჯული…

მშვიდი, მოსიყვარულე, მზრუნველი, არ სწყევლიდა მტანჯველთ, არც რისხავდა, არამედ ლოცულობდა მათთვის.

კვდებოდნენ ტანჯული ავაზაკებიც. კვდებოდნენ თვალებში სინათლემიმქრალნი, გონება დაბინდულ-დაბნელებულნი. ამ სიბნელემ ვერ შეაკავა ადამიანური სინდისის ნათელი. იმ დროს, როდესაც სჯულით „მართალნი“ სიტყვებს ვერ პოულობდნენ ჯვარცმულისადმი სიძულვილის გამოსახატავად, მათი გულები უფრო და უფრო აღივსებოდა რა ბოროტებით, ერთი ავაზაკის გული სიყვარულმა მოიცვა. გონება გაუნათდა, სული კი იმის შემეცნებამდე ამაღლდა, რომ არსებობს არაამქვეყნიური და ამ სოფელზე განუზომლად აღმატებული ცხოვრება… და აი, გმობის ნაცვლად, სინანულის ხმა გაისმა; ვხედავთ მორჩილებას ადამიანური მართლმსაჯულების წინაშე; გვესმის წმიდა აღმსარებლობა ქრისტეს სიმართლისა და ჯვარცმულ ავაზაკში გაჩნდა რწმენა უმაღლესი, არაამქვეყნიური ფასეულობებისადმი.

„სიკვდილის ღირსია!“ – გამძვინვარებულნი გაჰყვიროდნენ მღვდელმთავარნი;

ჯვარცმის აღსრულებას მოითხოვდა ბრბო;

ხელებს იბანდა უბადრუკი მსაჯული…

გაუუხეშდათ გულები „მართლებს“ (სჯულის მოძღვრებს და მასწავლებლებს).

ბრძენნი და წინამძღვარნი ბრმანი და ყრუნი შეიქმნენ სიმართლისათვის.

ჯვარცმულმა ავაზაკმა კი, არამარტო აღიარა ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს ცუდი არაფერი ჩაუდენია, არამედ ჯვარცმულსა და ტანჯულ ადამიანში უფალი შეიცნო.

„გარდამოხედინ აწ ჯუარით, რაითა ვიხილოთ და გურწმენეს“ (მარ. 15,32) – დასცინოდნენ მღვდელნი და მწიგნობარნი. უფალს თავისი ძალმოსილება რომ ეჩვენებინა, ეს ადამიანები ირწმუნებდნენ, მლიქვნელურად გაეგებოდნენ ფეხქვეშ და მონებივით მუხლებზე იღოღებდნენ. მაგრამ რა ფასი ექნებოდა ამას?

ავაზაკი კი ლაპარაკობს ქრისტეს სასუფეველზე და უფალს უწოდებს მას, ვინც კაცთა შორის უკიდურესად დამცირებული და შეურაცხყოფილი ჯვარზე კვდებოდა…

საუკუნეები გვაშორებს ისტორიულ ჯვარცმას. ჯვარი, ოდესღაც დამცირებისა და შეურაცხყოფის სიმბოლო, ცხოვრების მომნიჭებელ და თაყვანსაცემ დიად რამ ნიშნად იქცა.

მაგრამ როგორ აღიქვამდა ყოველივეს ჯვარცმული ავაზაკი? მის წინაშე, ერთი მხრივ, იყო პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების ავტორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ – უკიდურესი დამცირებისა და შეურაცხყოფის მთელი სისავსე. ყოველივე აღიქვა, განიცადა და გაიგო მან. ავაზაკმა რამდენიმე სიტყვაში წარმოაჩინა რწმენა, რომლის მსგავსი არც მანამდე ჰქონია და არც შემდგომ ექნება ვინმეს. უჩვენა რა უფალმა კაცობრიობას ყოვლისმიმტევებლური სიყვარულით გადარჩენის გზა, მეყსეულად შედგა ამ გზაზე პირველი ადამიანი – ადამიანი უდიდესი პირადი რწმენით, პირველი მაცხოვრებელი (მკვიდრი) ქრისტეს სასუფევლისა.

უდიდესი იყო ავაზაკის რწმენა და უდიდებულესი უფლის პასუხი: „… დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“.

სამი საათი ტანჯვის. გამოუთქმელი ტანჯვის სამი საათი. მიყუჩდნენ მტრები, დაიქანცნენ მცველნი, უსიტყვოდ იტანჯებოდნენ მეგობრები. ცა ჩამობნელდა, განილეოდა სიცოცხლე, უტანჯველი ადგილი აღარ იპოვებოდა ჯვარცმულის სხეულზე.

უფლის მიწიერი ცხოვრება ადამიანებისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული. მათ კი უარყვეს, ჯვარს აცვეს. „ერო ჩემო, რა შეგაწუხენ თქუენ, ანუ რა განგარისხენ თქუენ, ბრმანი თქუენნი განვანათლენ, კეთროვანნი განვსწმიდენ, და განრღვეულნი ცხედარსა ზედა მდებარე აღუადგინენ, მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნაღველსა, და წყლისა მის წილ ძმარსა, სიყვარულისა წილ ჯუარსა ზედა მე დამმსჭუალავთ…“ (ტრიოდიონი, დიდ პარასკევს ცისკრად. აღსავალი 12).

ამგვარად გადმოგვცემს ეკლესია უფლის სიტყვას. ალბათ, იგივე კითხვები და აზრები აწუხებდათ სინდისდამძიმებულ იუდეველებს, როცა სირცხვილეულნი, მკერდში მჯიღის ცემით გოლგოთიდან ბრუნდებოდნენ.

უფალმა ყველას მიუტევა. მტრებსაც. მაგრამ ეს სოფელი მარტოოდენ პატიებას არ საჭიროებდა. ქრისტეს მიწიერი ცხოვრება განილეოდა. თავისი საქმე ვინმესთვის უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ვისთვის? რჩეულმა ერმა ჯვარს აცვა მესია. თავისიანებმა არ მიიღეს უფალი. უახლოესი მეგობრებიც შემოეფანტნენ. ჯვართან მხოლოდ რამდენიმე ახლობელი დარჩა, გარდაცვალების ჟამს ყველა ადამიანთან რომ რჩებიან. „შეწუხებულ არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილამდე; დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა“ – სთხოვდა უფალი უახლოეს მოწაფეებს გეთსიმანიის ბაღში, მაგრამ მათ თხოვნა ვერ შეუსრულეს… იტანჯებოდა მაცხოვარი მარტოობისაგან, გამცემლობისგან, ამ სოფელში ბოროტის ზეობისგან. „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?“ – ასე ლოცულობდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი და ამგვარადვე შეჰღაღადა ჯვარცმულმა ძემ კაცისამ ზეციურ მამას მთელი კაცობრიობის სახელით, რომელთა საუკეთესო წარმომადგენლებს – სიმართლის მაძიებელთ და ღმრთისმოყვარეთ ყოველთვის ტანჯავდათ კითხვები, თუ რატომ მიეცა დედამიწა უსჯულოებს; რატომ იდევნებიან მართალნი; რატომ აფარებენ უდაბნოებსა და ქვაბებს თავს ისინი, რომელთა ღირსიც არაა მთელი ქვეყანა; რატომ არიან აღზევებულნი ბოროტისმქმნელნი და რატომ ზეიმობენ უსამართლონი?

უწინ მამამ პასუხად მოსცა ძეს: „ვადიდე და კუალადცა ვადიდო“ (იოან. 12,28). ხოლო ჯვარცმისას ზემორე სიტყვებზე პასუხი არ ყოფილა. ძე ღმრთისამ განკაცებით უკიდურესად დაიმდაბლა თავი, ადამიანური ნებით ბოლომდე დაემორჩილა ღმრთაებრივს და სრულად გაითავისა კაცობრიობის გზა.

„უსჯულოთა თანა შეირაცხა“, გლახაკებთან ცხოვრობდა, მეზვერეთა, ცოდვილთა მეგობარი იყო და ავაზაკთან ერთად აღესრულა ჯვარზე.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?..

აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!

ვასილი ეგზემპლიარსკი

წყარო: orthodoxy.ge 

იხ. აგრეთვე: როგორ შეიქმნა ღვთისმშობლის გოდება – ქართული საგალობელი და უნიკალური ხმა, რომელიც ადამიანებს დედამიწაზე იხმობს

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე