ბრწყინვალე შვიდეული – მადლით სავსე კვირა და შეცვლილი წესები

ბრწყინვალე შვიდეული

ბრწყინვალე შვიდეული – მადლით სავსე კვირა და შეცვლილი მისალმების წესი

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, ვახაროთ მათ „ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!“ ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული.

ბრწყინვალე შვიდეული , საეკლესიო წესის დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება. ბრწყინვალე შვიდეული გამორჩეულია მიცვალებულის წესის განსხვავებული აგებითაც. ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაო….“ სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება.

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ – „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ სამშაბათს ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება. ასევე ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი სამშაბათი არის 6000 ღირსმოწამეთა, დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა ხსენების დღე.

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.

ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.

ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.

გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.

ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი. წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.

ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.

 ბრწყინვალე შვიდეული – სამშაბათი

ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა.ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა:„გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარისადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლი სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.

ხსენება 6 000 მამისა –დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა (1616)

დავით გარეჯის ლავრა დასაბამს VI საუკუნიდან იღებს და იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე კერა. დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის დარბეულა მტერთა მიერ, მრავალი გარეჯელი მამა აღსრულებულა მოწამეობრივად, მაგრამ განსაკუთრებულია 1616 წლის აღდგომა ღამეს „სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა“.

1615 წელს სპარსეთის შაჰი აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ, იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. გარეჯის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. უსჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით გარს უვლიან ეკლესიასო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ამოეხოცათ ბერები.

ამავე ღამეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით – მახვილით მოისრებით. ვისაც სურს, დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს“.

წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც იწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა.

წირვის ბოლოს „მამაო ჩვენოს“ გალობისას სპარსი მეომრები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი მაშინვე გავიდა რაზმის მეთაურთან და თხოვა წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ საძმოსთვის.

სპარსელებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, მცირე დროის შემდეგ აღესრულებინათ შაჰის ბრძანება. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება, ერთმანეთი გაამხნევეს და საზეიმოდ შემოსილები წარსდგნენ უსჯულოთა წინაშე.

სპარსელებმა პირველად წინამღძვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზედიდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც ნაკუწებად აჩეხეს და მიწაზე მიმოფანტეს ფრინველებისა და გარეული მხეცების შესაჭმელად. შემდგომ ამ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც XIX საუკუნეშიც ხარობდა, უწყლო, მშრალ და ქვიან ნიადაგზე.

მოგვიანებით ქართველთა მეფემ არჩილმა დიდი გულმოდგინებით შეაგროვა მოწამეთა ძვლების და ქვის დიდ საწნახელში მოათავსა ტრაპეზის მარცხენა მხარეს. წმიდა ძვლებიდან კეთილსურნელოვნმა მირონმა იწყო დენა.

წმიდა დავითისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანოტონ I, შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და მათ პატივსაცემად დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

წყარო: orthodoxy.ge

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე