ყველა დროის საუკეთესო ქალი ჯუდოკა – ოლიმპიური რეკორდსმენი, რიოკო ტანი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ქალმა ჯუდოკამ ოლიმპიურ ოქროს პირველად სიდნეიში უწია. რიოკო ტანიმ ​ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე წაგებული ფინალის შემდეგ, 2000 წლის თამაშებზე პირველობა აღარავის დაანება. აღნიშნული შედეგი 2004-ში ათენშიც გაიმეორა, ხოლო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დასჯერდა.

5 ოლიმპიური მედლის მფლობელს, არც მსოფლიოზე აკლია ტიტულები. 1991 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის აღების შემდეგ, მან 7-ჯერ მოახერხა პლანეტის პირველობის მოგება. აღსანიშნავია, რომ აქედან 6-ჯერ ზედიზედ (1993, 1995, 1997, 1999, 2001, 2003). რიოკო 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ მონაწილეობდა, რადგან პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ, ხოლო 2007 წელს უკვე მეშვიდედ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. მისი რეკორდი ქალთა შორის ხელშეუხებელია, ხოლო ვაჟთა შორის მხოლოდ ტედი რინერმა მოხსნა და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და არა ორ წელიწადში ერთხელ.

რიოკო ტანი იაპონიაში ძალიან ცნობილი და პატივცემულია. მისი ქორწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და 20 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. რიოკო ტანის ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იაპონიაში ქალთა ჯუდოს განვითარებაში. ასევე, ტანის არ შეუწყვეტია აქტიური სპორტული კარიერა არც მას შემდეგ, რაც დედა გახდა, რის გამოც იაპონიაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდასა და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ რიოკო ტანიმ პოლიტიკოსის კარიერა დაიწყო. 2010 წელს ის იაპონიის პარლამენტის წევრად აირჩიეს.

ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 83 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისამდე უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply