ანტონ გეესინკი – პირველი არაიაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი 

ანტონ გეესინკი არის პირველი არაიაპონელი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა კარიერის უმაღლეს მწვერვალს ჯუდოში გამართულ პირველსავე ოლიმპიადაზე – 1964 წელს, ტოკიოში მიაღწია.

გეესინკი ჩემპიონი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, 30 წლის ასაკში გახდა. აღნიშნულ წონაში მონაწილეობას იღებდა 9 ჯუდოკა (დაიშვება ნებისმიერი წონა). ფინალში გეესინკმა იაპონელი აკიო კამინაგა დაამარცხა (დანარჩენ სამ წონით კატეგორიაში კი იაპონელებმა იპირველეს).

ანტონ გეესინკი ასევე იყო პირველი არაიპონელი, რომელიც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო ევროპის ჩემპიონატი მოიგო 21-ჯერ, რაც, ბუნებრივია, აბსოლუტური რეკორდია.

ანტონ გეესინკი 1934 წლის 6 აპრილს ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში დაიბადა. მისი ოჯახი ღარიბი იყო და ამის გამო, 12 წლის ასაკში ანტონმა მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. ჯუდოში ვარჯიში მან მხოლოდ 14 წლის ასაკში დაიწყო და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის დებიუტი მალევე, 17 წლის ასაკში, ჰქონდა. 18 წლისამ მან უკვე მოახერხა ევროპის ჩემპიონატის პირველად მოგება და ეს 1967 წლამდე კიდევ 20 ჯერ გააკეთა.

1987 წლიდან ანტონ გეესინკი მუშაობდა ჰოლანდიის ოლიმპიურ კომიტეტსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი ჯუდოზე. სწორედ გეესინკის სახელს უკავშირდება ჯუდოში ლურჯი ჯუდოგის დაშვება. ამ ინიციატივით IJF-ს სწორედ ჰოლანდიელმა მიმართა.

ანტონ გეესინკს IJF-ის მიერ მინიჭებული აქვს ჯუდოს მე-10 დანი, თუმცა არა კოდოკანისგან. კოდოკანს 10 დანი არც ერთი არაიაპონელისთვის არასდროს არ მიუნიჭებია.

ანტონ გეესინკს სპორტსმენის გარდა, ჰქონდა მსახიობის კარიერაც, მონაწილებდა რამდენიმე ფილმსა და სერიალში. გარდაიცვალა 2010 წელს, 76 წლის ასაკში, თავის მშობლიურ ქალაქში. მას სამი შვილი ჰყავდა – 2 გოგონა და ერთი ვაჟი.

ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 77 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისამდე უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply