ვიმ რუსკა – ისტორიაში ერთადერთი ჯუდოკა, რომელმაც ოლიმპიადაზე ორი ოქრო მოიგო

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ოლიმპიადის მოგება რუსკამ უკვე ასაკში შესულმა მოახერხა – 32 წლის იყო, თუმცა ჯუდოსაც საკმაოდ გვიან ეზიარა – ვარჯიში 20 წლისამ დაიწყო. მაშინ ის მეზღვაური გახლდათ და სპორტის ამ სახეობაში უფრო დასაოსტატებლად იაპონიას მიაშურა.

რუსკა არანორმალური ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა, არადა აღნაგობა ჩვეულებრივი ჰქონდა, არაფრით გამორჩეული. მეტიც, მძიმეწონისთვის პატარაც კი. როგორც ამბობენ, იაპონელი მეცნიერ-მედიკოსები გაოგნებულები იყვნენ რუსკას აღნაგობის და ძალის კომბინაციით და თურმე აქტიურადაც აკვირდებოდნენ ჰოლანდიელს.

გარდა ოლიმპიური ოქროებისა, რუსკას ანგარიშზე 2 მსოფლიოს და 7 ევროპის ჩემპიონობაა, ხოლო ქვეყნის პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული.

აქტიურ ჯუდოს ჰოლანდიელი ოლიმპიადის მოგების შემდეგ შეეშვა და რესლინგში გადაინაცვლა, სადაც 150-მდე შეხვედრაც გამართა. ამასთანავე სამწვრთნელო საქმიანობითაც იყო დაკავებული.

2001 წელს რუსკას, იახტაზე მყოფს, ცერებრალური სისხლდენა განუვითარდა რამაც მეტყველების უნარი წაართვა და პარალიზებული დატოვა. 2015 წლის 14 თებერვალს, ტატამის ტარზანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 75 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისამდე უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply