პეტერ ზაიზენბახერი – პირველი ჯუდოკა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ოლიმპიადა, პედოფილიის ბრალდებით სასჯელს იხდის

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

პეტერ ზაიზენბახეილი არის პირველი ჯუდოკა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მან ეს 1984 წლის ლოს-ანჯელესის და 1988 წლის სეულის ოლიმპიადებზე -86 კგ წონით კატეგორიებში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ზაიზენბახერი მოსკოვის 1980 წლის თამაშებზეც მონაწილეობდა, თუმცა ავსტრიელი ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა.

ოლიმპიური მედლების გარდა, პეტერ ზაიზენბახერს მოგებული აქვს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროც.

ზაიზენბახერი აქტიური ჯუდოდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის ვაჟთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელად. საქართველოში ის 2010-2012 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიგო 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო; მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ბრინჯაოს მედალი, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ოქრო.

2014 წლის ზაფხულში პეტერ ზაიზენბახერის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა შეიტანა სარჩელი, რომელშიც ისინი ყოფილ ჯუდოკას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, მაშინ, როდესაც ისინი არასრულწლოვნები და ბავშვები იყვნენ. ორწლიანი მოკვლევის შემდეგ, 2016 წლის 5 ოქტომბერს, ზაიზენბახერს ავსტრიის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება ორი გოგონას გაუპატიურებისთვის, როდესაც ისინი 14 წელს მიუღწეველნი იყვნენ და ერთი გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო.

პეტერ ზაიზენბახერი ბრალის წარდგენის შემდეგ, ავსტრიის პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა ის მიიმალა. შესაბამისად, მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა. ზაიზენბახერი 2017 წლის 2 აგვისტოს კიევში დააკავეს. უკრაინამ ის ავსტრიას 2019 წლის 12 სექტემბერს გადასცა, სადაც ის გასამართლდა. პროკურატურამ სასამართლოში ზაიზენბახერისთვის წაყენებული ბრალდების ნაწილობრივი დამტკიცება შეძლო. ყოფილ ჯუდოკასა და მწვრთნელს ავსტრიის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტოკიოში დიდი ჯუდოს დაწყებამდე 74 დღე დარჩა. ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი 24 ივლისს გაიშლება და 31 ივლისამდე გასტანს.

You may also like

Leave a Reply