“პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას მას შემდეგ გავაკეთებ, რაც საზოგადოების ფართო სპექტრს შევხვდები” – ნიკა მელია 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოვაცხადებ, რაც რეგიონებში ჩავალ და საზოგადოების ფართო სპექტრს შევხვდები” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიას განაცხადა.

მისი თქმით,  არ უნდა, რომ გადაწყვეტილება რეგიონებში ჩაუსვლელად მიიღოს, რადგან ეს უპატივცემულობა იქნება. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე ავიღო ის, რაც თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, რასაც პასუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ და გეტყვით რატომ, არაერთხელ ვთქვი და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება. სულ რაღაც 4 დღეა იქ ვარ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატიცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც დროში ვწელავ ამ პროცესს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. სხვაგვარად პროცესიც დაზიანდება. პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ინდივიდუალურად მიიღო“ – განაცხადა მელიამ.

You may also like

Leave a Reply