“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციის დასრულების შემდეგ კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ იქ დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას დრო ხვალ დილით 12:00 საათამდე მისცეს, რათა მათი მოთხოვნები შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებით დაიმუქრნენ.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გაწყდეს “ენკასთან” დადებული ყველა ხელშეკრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების ყველა შესაძლებლობა ამოწურულია.

ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ხელისუფლებასთან ყველანაირი დიალოგი ამოწურულია. დღეს დასრულდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი თითქოს დიალოგები გაგვემართა ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო:

კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთან დადებულია, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გაცემას.

ზოგადად, გაუქმდეს ყველა სახის დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე არის გაცემული.

ასევე, მოვითხოვთ, მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ ის აზრი, რომელიც თქვენ გაქვთ, გათვალისწინებული იყოს.

ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამაში უნდა იყოს ჩვენი, ყველას ჩართულობა იმიტომ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება. ამისთვის საჭიროა სწორედ პაუზა, გვჭირდება დრო იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა და ზოგად, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ აღარ იყოს მომავალში მსგავსი პროტესტი“ – განაცხადა გოლეთიანმა.

დღევანდელ აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავასა და ზოგადად, ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის.

You may also like

Leave a Reply