„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია დიდი ფულით არის დაფინანსებული და მასში კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება – კობახიძე

 „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დიდი ფულით არის დაფინანსებული და მასში კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობაზე ინფორმაციას საზოგადოებას არ მიაწვდიან, ამას ხელისუფლების წარმომადგენელები გააკეთებენ.

„რეალურად გამოჩნდა, რომ პროტესტს მყარი საფუძველი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, რის გარშემოც პროტესტის აგორების მცდელობა იყო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ექსპერტული დისკუსია უნდა გაიმართოს, რაც მნიშვნელოვანია. თუ სადმე ასეთი დისკუსიის და კომუნიკაციის ნაკლოვანება არის, ეს უნდა შეივსოს, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს, თბილისის პარალიზება აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი იყო, რომელმაც ვერ პოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, არასწორი ნაბიჯის გამო, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, შესაძლებელია ვარაუდი, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა.

„რაც შეეხება მართვას, ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი, როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ თუ ამის უკან რაიმე სხვა ნიშნებია, ბუნებრივია, ამის შესწავლა შეიძლება. ეჭვების დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით, თუმცა, ეჭვებზე საუბარს ჯობს დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით მივაწოდოთ საზოგადოებას. ეს არის სხვა ორგანოების ფუნქცია, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ აშკარად იკვეთება ფინანსური-კომერციული- პოლიტიკური ინტერესები, ამის გამო იდება საკმაოდ დიდი ფული ამ აქციებში. შემიძლია დანანებით აღვნიშნო, რომ გუშინ, აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი. ერთხელ ითქვა, რომ თითქოს, წვრილმანი თანხებით აგროვებენ ისინი ხელში ათეულობით ათას ლარს, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია, ეს შეუძლებელია რომ მობილიზებული იყოს ასეთი რესურსით, წვრილმანი შემოწირულობით, ყოველდღიურად ათეულობით ათასი ლარი, მერე დაკორექტირდა ეს მესიჯი – ემიგრანტების გადმორიცხვა, ეს იყო მეორე ტყუილი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე