გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლი, ეროვნული გმირი გენერალი გიორგი კვინიტაძე დღეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ემიგრაციაში გარდაცვლილი გიორგი კვნიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს და სამი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი იმართებოდა. ეროვნულ გმირს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიის წევრებმა.

1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში, სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნას და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა. 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 16 თებერვალს ის ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მთავრობის წევრებთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. გენერალი 1970 წელს გარდაიცვალა. ის ლევილის მამულში დამარხეს. 2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღეს კი, 2021 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მშობლიურ მიწას მიაბარეს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე