იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი აირჩიეს – პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევას. მხარდაჭერილი კანდიდატები არიან: თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე. ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.

ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა – 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 283 ხმა, ბადრი შონია – 281 ხმა, თემურ გოგოხია – 278 ხმა.

მოსამართლეთა კორპუსი 326 მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან დღევანდელ კონფერენციაზე რეგისტრაცია 284-მა მოსამართლემ გაიარა.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. ადგილზე “სირცხვილიას” წევრები იყვნენ და მიმდინარე პროცესს აპროტესტებდნენ. ერთ-ერთი აქტივისტის, ნოდარ რუხაძის თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელი არაა.

“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ყველაფერი წყდება იმის მიხედვით, რა სურვილებიც აქვს “ქართულ ოცნებას” და მურუსიძე – ჩინჩალაძე – შენგელიას კლანს” – განაცხადა რუხაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე წევრის არჩევის აუცილეობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მოსამართლე წევრებს: ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურათ.

You may also like

Leave a Reply