ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო – ომს, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს – სალომე ზურაბიშვილი 

26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო – ომს, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს, ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღმასვლას, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, გიორგი კვინიტაძე, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

„2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70- წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით, კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე, ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის, მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ. საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკელად ემსახუროთ სამშობლოს. მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს გენერალი კვინიტაძის სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისა და ჯარისკაცებისგან, სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში, ყველა მძიმე ბრძოლაში, ომში თუ სამშვიდობო მისიაში. ძალიან ხშირად უსამართლო და უთანასწორო ბრძოლებში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება. მინდა სახელმწიფოს სახელით ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გადავუხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს. 26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა, იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყი, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70 წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე. 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო, გაუძლო ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს, ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღმასვლას. ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე