ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, ჩვენს შორის მომავალშიც გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობა – თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება.

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, – აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის წერილში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, რომელიც 1-ელ ივნისს შედგება.

„მოხარული ვარ, რომ 2021 წლის პირველ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“ – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

You may also like

Leave a Reply