„ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია არსებობდეს პრივილეგირებული კლასები“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„ჩვენ ყველანი ვართ თანაბრები. გვაქვს ხვადასხვა განათლება, სხვადასხვა სოციალური გარემო, მაგრამ ამას არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია არსებობდეს პრივილეგირებული კლასები.“- ასე განმარტა გიორგი გახარიამ საკუთარი პოზიცია, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი წესრიგის მშენებლობის იდეას ეფუძნებოდა. მისი თქმით, აღნიშნული მდგომარეობა ყველაზე დიდი უსამართლობაა, რაც, თავის მხრივ ანგრევს რიგითი მოქალაქეების რწმენას, რომ შევძლებთ წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს აშენებას.

„ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ თანაბარ წვდომაზე, ჩვენ გვჭირდება ნათელი წესები, წესები ყველასთვის და პირველ რიგში, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ მათი სიტყვა, ძალა და ჩართულობა არის ზუსტად ისეთივე ფასეული, როგორიც ნებისმიერი სახელმწიფო ჩინოვნიკის“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის განმარტებით, ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი პირობაა ასევე კორუფციასა და ნეპოტიზმთან ბრძოლა.

„უნდა გვსმოდეს, რომ ჩვენნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის ამოცანაა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტზმი და კორუფციული რისკები. ეს არის უზარმაზარი სისტემური რისკების შემცველი პრობლემა, რომლის მოგვარება ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა გახარიამ.

„ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზად კი გახარიამ ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიული ინტერესების დაყენება დაასახელა.

„გადავდექი იმიტომ, რომ 8 – წლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე 10-15 წლის წინ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტია. არავინ არ უარყოფს ამას, თუნდაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით რომ შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც მე დღეს აქ ვდგავარ.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი,“- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებტ, რომ პოლიტიკური პარტიის – „საქართველოსთვის“  დამფუძნებელთა ყრილობა დღეს, 29 მაისს გაიმართა. პარტიის თავჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

  • გიორგი ხოჯევანიშვილი
  • ნათია მეზვრიშვილი
  • გიორგი შარაშიძე
  • კახაბერ ქემოკლიძე
  • ანა ბუჩუკური
  • მიხეილ დაუშვილი
  • ბექა ლილუაშვილი
  • რუსუდან თევზაძე
  • ალექსანდრე მოწერელია
  • ბერდია სიჭინავა
  • შალვა კერესელიძე
  • კოტე ანანიაშვილი
  • გიგა ფარულავა
  • გიორგი გოგუაძე.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე