“არ არსებობს ისეთი დაავადება, რომლის მკურნალობაც კალიგრაფიით არ იქნება შესაძლებელი” – რა გავლენას ახდენს კალიგრაფია ადამიანზე

კალიგრაფია

80-იან წლებში მსხვილმა იაპონურმა კომპანიამ, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და პროფესიონალური ელექტრონიკის გამოშვებით იყო დაკავებული, ნანოტექნოლოგიებზე გადასვლის პარალელურად სხვადასხვა ქვეყნებში საინტერესო ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყო. ორგანიზატორები იმის გარკვევას ცდილობდნენ, მოცემულ რეგიონებსა და მოცემულ კულტურებში მომავლის სპეციალისტების მოსამზადებლად რა მეთოდების გამოყენება იყო შესაძლებელი. პროგრამას, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა, 10 წელზე მეტხანს აფინანსებდნენ.

მონაცემების შეგროვებისას ექსპერიმენტის ორგანიზატორებმა ერთი საინტერესო და გამაოგნებელი ფაქტი აღმოაჩინეს – ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც პროექტის ავტორებმა წამოაყენეს, მეტ-ნაკლებად კალიგრაფია აკმაყოფილებდა. ამიტომ კომპანიამ გასცა რეკომენდაცია, რომ ყველა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში, საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალიზაციის მიუხედავად, იმ უნარების ფორმირება მოეხდინათ, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მომავალი სპეციალისტებისთვის იყო აუცილებელი. ამისთვის კი სასწავლო პროცესში კალიგრაფიის გაკვეთილების შეტანა გალხდათ საჭირო.

კალიგრაფიის გაკვეთილები იაპონიაში ბევრი დაწესებულების აუცილებელ კომპონენტადაც არის ქცეული. ქვეყნის მრავალი მსხვილი კომპანია შესვენებაზე მოწვეული სპეციალისტებით თანამშრომლებისთვის კალიგრაფიის ნახევარსაათიანი მეცადინეობების ჩატარებას ცდილობენ. კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, ეს არცთუ იაფი გაკვეთილები თანამშრომლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის საჭირო, გარდა ამისა, ამით ისინი შემოქმედებით უნარსაც ივითარებენ.

არავინ დავობს იმაზე, რომ იაპონელები ყველაზე შრომისუნარიანი და კრეატიული ერია, განსაკუთრებით, თუ საქმე  ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს ეხება. ბუნებრივია, ეს მხოლოდ კალიგრაფიის დამსახურება არაა. იაპონელების მხრიდან საკუთარი ისტორიის, ტრადიციის, ფესვების, ერის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისადმი ფაქიზი დამოკიდებულება არის სწორედ მათი ასეთი განვითარების საფუძველი.

ამ თემას კიდევ უფრო მოულოდნელი რაკურსით ხსნიან ჩინელი სპეციალისტები. კალიგრაფიის გავლენის შესახებ ტვინის აქტიურობასა და ცხოვრების გახანგრძლივებაზე პეკინის გრაფიკული კომუნიკაციის ინსტიტუტის დოცენტი, იუნ პუ  გვიამბობს. მისი თქმით,  ნებაყოფლობითი ქმედებების ყველა სახეობიდან წერის აქტი  მეტ-ნაკლებად რთულად და შრომატევადად შეიძლება ჩაითვალოს. თითების, ხელის გულებისა და მაჯის მდგომარეობა და მოძრაობა არა მარტო  ხელის კუნთებსა და ნერვებს ავარჯიშებს, არამედ აქტივობას სხეულის სხვა ნაწილებს:  მკლავებს,  ზურგს და ფეხებსაც აიძულებს.

კალიგრაფიული სავარჯიშოები თავისი არსით ძალიან ჰგავს ტანვარჯიშს, რომელიც სხეულის განლაგებას ცვლის და სახსრებს ამოძრავებს.

ეს პროცესი გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამუშავებს ხელის კუნთებს, იწვევს ტვინის მოქმედების სტიმულირებას და ხელს უწყობს სწორი სუნთქვის პროცესს.

კალიგრაფიული ვარჯიშები აიძულებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს, იგრძნოს ხაზების სისწორე, სიმეტრიის სტრუქტურა, რიტმი და ტემპი, განავითაროს ყურადღების, დაკვირვებისა და წარმოსახვის უნარები.

იუნ პუს აზრით, სტუდენტები, რომლებიც კალიგრაფიას სწავლობენ, ინფორმაციას სხვებზე ბევრად სწრაფად ითვისებენ და იმახსოვრებენ. ხოლო ის, რომ კალიგრაფია ახანგრძლივებს ცხოვრებას – მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. მაგალითად, კალიგრაფმა სუ ძუსიანმა (Su Tszusian) 110 წელი იცოცხლა, დონ შუპინმა (Don Shuping) –  94 წელი, შრიფტის შექმნელმა,  ჩინეთის კალიგრაფთა ასოციაციის ყოფილმა წევრმა ქი გონგმა (Qi Gong) – 95 წელი.

ჩინელმა პროფესორმა, ჰენრი კაომ ჩატარებული კვლევების საფუძველზე კიდევ უფრო თამამი დასკვნები გამოიტანა. მისი თქმით, პრაქტიკულად, არ არსებობს ისეთი დაავადება, რომლის მკურნალობაც კალიგრაფიით არ იქნება შესაძლებელი. მისივე განმარტებით, შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტი, რომელიც კალიგრაფიაში ვარჯიშობს, ემოციურ სიმშვიდეს განიცდის, რაც თავის მხრივ, თანაბარი სუნთქვით, პულსის შენელებით, სისხლის წნევის დაწევით და კუნთების მოდუნებით არის გამოხატული. შედეგად,  უმჯობესდება საპასუხო რეაქცია, ვითარდება ფიგურების დიფერენცირებისა და განსაზღვრის, ასევე სივრცეში ორიენტაციის უნარები.

პრაქტიკულმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა კალიგრაფიით მკურნალობის დადებითი შედეგი აუტიზმით დაავადებული პაციენტების შემთხვევებშიც, რომელთაც ყურადღების კონცენტრირების დარღვევა/ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა ახასიათებთ. კალიგრაფიული ვარჯიშებით ვითარდება ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარები მცირე გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებშიც.  მახსოვრობის უნარი, კონცენტრირების, სივრცეში ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინირების უნარები უმჯობესდება ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებშიც.

მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს  ფსიქომატური აშლილობის შემთხვევებში, ასევე ისეთი ფსიქიკური დაავადებების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, დეპრესია და ნევროზი – მათ უუმჯობესდებოდათ ემოციური ფონი.

კალიგრაფიის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე არა მარტო აღმოსავლეთში,  არამედ ევროპის გარკვეულ ქვეყნებშიც სწავლობენ.

კალიგრაფიის სკოლა 15 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა პეტერბურგშიც, რომელიც  ენთუზიასტების ჯგუფის მიერ გონებრივი და ფიზიკური განვითარების  პრობლემების მქონე ბავშვებისთვის იყო შექმნილი.

საგანმანათლებლო პროცესი მეცხრამეტე საუკუნის მეთოდურ სახელმძღვანელოებს ეფუძნებოდა. ამ პროცესის ძირითადი პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: სანამ მეცნიერებით, ხელოვნებით და/ან ცალკეული ხელობით დაკავდებოდნენ, კალიგრაფიის დახმარებით მათში ძლიერი ფუნდამენტური საფუძვლის ჩადება იყო აუცილებელი, რომელიც სამი მნიშვნელოვანი ელემენტისგან შედგებოდა: მოთმინება, მუშაობის უნარი და ნებელობითი იმპულსი.

მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ბურთულიანი კალმის გამოყენება ეკრძალებოდათ. ნებისმიერი გაკვეთილი  კალიგრაფიით იწყებოდა და 15 წუთის განმალობაში გრძელდებოდა. შედეგი უკვე მეშვიდე-მერვე კლასში იყო შესამჩნევი. როდესაც სპეციალისტები მოსწავლეების წერილობით ნამუშევრებს უყურებდნენ, არ სჯეროდათ, რომ ასეთი ნამუშევრის შესრულება ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვების მიერ იყო შესაძლებელი.  ეს იყო  ძალიან ლამაზი, მკვეთრი და მოწესრიგებული წერილები.

კალიგრაფიის გაკვეთილებით ასეთ ბავშვებს  მათემატიკის, პოეზიის და ხელოვნების უნარები უმუშავდებოდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ბევრი მათგანი სწავლას პეტერბურგის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებდა. კურსდამთავრებულთა ნაწილმა საზღვარგარეთ სწავლისთვის გრანტის მიღებაც შეძლო. ზოგიერთს კი ინვალიდობაც მოუხსნეს შედეგად.

კალიგრაფიას თავისებურად აფასებენ მხატვრებიც. ერთნი ასოებში ჩამალულ მუსიკას ხედავენ, მეორენი კი მას ცეკვის პლასტიკას ადარებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევარი მათში ხელოვნების ნიმუშად არის აღქმული.

 

წყარო 1

წყარო 2

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე