გიორგი გახარია: ნეპოტიზმი ნებისმიერი დონის მენეჯერისთვის არაგონივრული ნაბიჯია 

“ვიღაცებს რომ ჰგონია, რომ პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაში რაღაც პოლიტიკურ დინამიკას ქმნიან, სინამდვილეში ილუზია იქმნება, დინამიკის ილუზია იქმნება და ქვეყანა დგას ერთ ადგილას” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც როგორც პრემიერმინისტრი კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ახორციელებდა.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ყოველთვის იყო კორუფცია და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ნეპოტიზმს რაც შეეხება, ინტერესის გულისთვის შეგიძლიათ ერთი ადამიანი მაინც იპოვოთ ჩემს გუნდში, ან ჩემს გვერდით, რომელიც რაღაცნაირად არის ჩემთან დაკავშირებული და ამ ნიშნით იყოს დანიშნული? მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის არაგონივრული ნაბიჯი, ნებისმიერი დონის მენეჯერისთვის ეს არის ელემენტარული წესები.

დაახლოებით 5-6 თვის წინ, როდესაც მთავრობის ახალი მანდატი მტკიცდებოდა პარლამენტში, მე პირველად საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი ის, რაც ვთქვი და ამის შემდგომ ზუსტად მეორე დღეს ოფიციალურად მივმართე საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტს, რომლის მიზანიც იყო იუსტიციის სამინისტროდან ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის ქვეშ გადმოტანა. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს ყოველთვის მზად და გაცხადებული ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა ჰქონდეს და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა უნდა იყოს უმკაცრესი ანტიკორუფციული სტრატეგია. ამის შემდგომ უკვე დაწყებული გვქონდა საუბრები, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმი არის დასახვეწი, რომ არის შესაქმნელი ერთიანი საგამოძიებო სისტემა, დღეს ეს ყველაფერი გადანაწილებული სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში. ეს სისტემური საკითხია, რომელზეც ხვალ-ზეგ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ “გახარია, შენ სად იყავი, ახლა რომ ამბობ ამას, სად იყავი” ასეთი იყო რამდენიმე ინიციატივა, რომელზეც ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა. პირველი იყო ანტიკორუფციული სტრატეგია, მეორე იყო, ეს არ მითქვამს აქამდე და ახლა გეტყვით, ასევე გაცხადებული მქონდა დეოკუპაციის სტრატეგიის განხორციელება და მესამე იყო, რაც დაწყებული მქონდა ინტეგრაციის მექანიზმების უნიფიცირება პრემიერის აპარატის ქვეშ, რაც ნიშნავდა იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევროინტეგრაციის,  „იუნითისა” და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გაერთიანება პრემიერის აპარატის ქვეშ. რადგან ეს დაწყებული მქონდა, ესე იგი განხილული მქონდა გუნდთან და კოლეგებთან. მე თუ გინდათ, რომ დღეს კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე მალაპარაკოთ, არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემთვის ეს არის სისტემური პრობლემა. დღეს ამ ქვეყნისთვის კორუფციის მნიშვნელობა არის განსაკუთრებით მძრაფრი, რადგან ბოლო არჩევნების შემდგომ უაღრესად მძაფრად გამოჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე. სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და კორუფციული, ნეპოტისტური რისკები ერთად არის სისტემური პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის. ამ სისტემურ პრობლემას სტრატეგიულად უნდა მივხედოთ. ვიღაცებს რომ ჰგონია, რომ პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაში რაღაც პოლიტიკურ დინამიკას ქმნიან, სინამდვილეში ილუზია იქმნება, დინამიკის ილუზია იქმნება და ქვეყანა დგას ერთ ადგილას. მე არ ვამბობ ახლა ისეთს არაფერს, რაც ადრე არ მითქვამს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე