გიორგი გახარია: პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა გაიხსნას 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“თუ სახელმწიფო და ქვეყანა უახლოეს დღეებში არ დაიწყებს სერიოზულ ინვესტირებას საჯარო მოხელის კომპეტენციაში, თუ არ შექმნის სამართლებრივ გარანტიებს იმისთვის, რომ საჯარო მოხელე იყოს დაცული პოლიტიკური ანგაჟირებულობისგან, ან პოლიტიკური ზეწოლისგან, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “თოქ-შოუების” წამყვან ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან განმარტა რატომ არის მისი პარტიის პოლიტსაჭოსში ბევრი ყოფილი საჯარო მოხელე. ამასთან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო რესპუბლიკა სულ მალე ნიშნავს კოალიციურ მთავრობს. რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისა და კოალიციური მთავრობის პირობებში თუ ჩვენ ქვეყანაში არ გვექნა სრულად აპოლიტიკური საჯარო სექტორი და საჯარო მოხელე, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, ჩვენ უბრალოდ ქვეყანაში ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. უბრალოდ ვერც ერთ ნაბიჯს წინ ვერ გადავდგამთ. კოალიციურ მმართველობას სჭირდება თავისი პოლიტიკური კულტურა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს, რომელსაც მიანიშნებს ის დებატები და დებატების ესთეტიკა, რომელსაც მართავენ ჩვენი პარტიები ერთმანეთთან. სანამ ვიყავი პრემირმინისტრი სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე ევროკავშირთან გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკება იმისთვის, რომ საჯარო მმართველობის სკოლა, რომელიც უნდა აშენებულიყო უკრაინაში და იქ რაღაც შეფერხება, ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ევროკავშირი დაგვეთანხმებინა წამოგვეღო ეს ყველაფერი საქართველოში, ადგილიც ვნახეთ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო თელავის უნივერსიტეტი ან თბილისთან ახლოს. მართლა მჯერა, რომ თუ სახელმწიფო და ქვეყანა უახლოეს დღეებში არ დაიწყებს სერიოზულ ინვესტირებას საჯარო მოხელის კომპეტენციაში, თუ არ შექმნის სამართლებრივ გარანტიებს, იმისთვის, რომ საჯარო მოხელე იყოს დაცული პოლიტიკური ანგაჟირებულობისგან, ან პოლიტიკური ზეწოლისგან, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ამაზე დაგვჭირდება ძალიან ბევრი დრო იმიტომ, რომ პოლიტიკოსები სრულად პროპორციულ საპარლამენტო რესპუბლიკაში კოალიციაზე ხან შეთანხმდებიან, ხან ვერ შეთანხმდებიან. და თუ საჯარო სექტორი იქნება მაღალი პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რა თქმა უნდა, აქ ვერანაირ რეფორმას ვერ გავატარებთ, შუაში რომ მივალთ დაგვავიწყდება რისთვის დავიწყეთ ამ რეფორმის გატარება. სწორედ ამით არის განპირობებული, ის რის გამოც არის პარტიის პოლიტსაბჭოში ამდენი ყოფილი საჯარო მოხელე, მათ კარგად იციან, რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სექტორი და არც ერთი მათგან არასდროს არ ყოფილა პოლიტიკურად მიკერძოებული და უმეტესობა მათგანს აქვს წარმატებული მსახურების გამოცდილება სხვა ხელისუფლების დროსაც. ყველაფერთან ერთად ეს ადამიანები არიან საკმაოდ ახალგაზრდები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება ჩვენ გაგვიჭირდება რეფორმირება და წინსვლა. პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა გაიხსნას, სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია, ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც ნიჭიერ, კარგი განათლების ახალგაზრდებს აღარ უნდა შეეშინდეთ პოლიტიკურ ველზე ინიციატივების დაწყება. დღეს ისინი ამჯობინებენ სხვა უფრო რეპუტაციულად დაცულ სფეროებში მოღვაწეობას” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრას ტელეკომპანია “იმედისა” და “პოსტვ“-ის ჟურნალისტები არ ესწრებიან, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეულები იყვნენ.

You may also like

Leave a Reply