ვილი სანიოლი: ,,რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ” 

რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე განვლილი ორთაბრძოლა შეაფასა და საინტერესო  კომენტარები გააკეთა.

ქართველთა თავკაცი ნაკრების თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მისმა გუნდმა წელს ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა.

ვილი სანიოლი: ,,რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

​არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს, შესაძლოა დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.

რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში.”- აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი ისტორიაში პირველად დაამარცხა.

საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2-1 მოიგო.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე