ოთარ კიტეიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური”

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდელთა დაპირისპირებისთვის ქალაქ ენსხედეში ემზადება.

საქართველოს ნაკრები 6 ივნისს, ,,ნარინჯისფერებთან” ისყორიაში პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ოთარ კიტეიშვილმა და გურამ გიორბელიძემ რუმინეთთან განვლილი მატჩი შეაფასეს და  კომენტარი მოახლოვებულ შეხვედრაზეც გააკეთეს.

ოთარ კიტეიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.”

​გურამ გიორბელიძე: ,,კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით.

​რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 პროცენტით მზად ვარ, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო. რუმინეთთან საჭირო თამაში მოვიგეთ და ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს. სასიამოვნოა, რომ ამ შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ.”

ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველ არხი” შემოგვთავაზებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე