ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა.

უნგრეთში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილმა მიჯრით 5 ორთაბრძოლა მოიგო.

ლაშამ პირველ წრეში პერუელი ალონსო ვონგს სამი შიდო მიაღებინა და ტურნირიდან სახლში ნაადრევად, გაუშვა.

მეორე წრეში ქართველმა ჯუდოკამ ბრაზილელი ედუარდო ბარბოსა ,,ოქროს დროში” იპონით დაამარცხა.

შავდათუაშვილმა არც ისრაელის წარმომადგენელი იეჰონათან ელბაზი დაინდო და მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო ბოლოს კი ბეჭებზე იპონით გააკრა.

ყველაზე მძიმე ბრძოლა ლაშა შავდათუაშვილს 1/4 ფინალში ვეტერან ჯუდოკა უნგრელ მიკლოშ უნგვართან გადახდა.
დაპირისპირებამ 11 წუთი გასტანა.
საბოლოოდ, ჩვენებურმა 39 წლის მოწინააღმდეგეს 3 შიდო მიაღებინა და საჩემპიონო ბრძოლა გააგრძელა.

1/2 ფინალში კი შავდათუაშვილმა თურქ ბილალ ჩილოღლუს ,,ოქროს დროში” ვაზარის უპირატესობით სძლია.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შვედ ტომი მაციასს შეერკინება.

ფინალური ბლოკი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.

დღეს, ტურნირზე ნუგზარ ტატალაშვილი (-73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) გამოდიოდნენ, თუმცა მათ მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს.

You may also like

Leave a Reply