რაჰემ სტერლინგი: ,,ვცდილობ გამოვეთიშო მთელ სამყაროს და კონცენტრირება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოვახდინო”

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა რაჰემ სტერლინგმა ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან გამართული მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და აზრი თავისი ნაკრების შანსებზეც გამოთქვა.

სტერლინგმა გულშემატკივრების განსაკუთრებული როლიც აღნიშნა და განაცხადა, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში დამატებითი მოტივაციაა.

რაჰემ სტერლინგი:  ,,შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც შენს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებაში ეხმარები.
სასწაულია „უემბლიზე“ თამაში, იმ ადგილზე, რომლის სიახლოვესაც გავიზარდე, რომლის მშენებლობაც საკუთარი თვალით ვნახე.
მშვენიერი გრძნობაა, რომ გადამწყვეტი გოლის გატანა შევძელი, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.
ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დიდებული სტარტი აიღო.
ხორვატია ძლიერი გუნდია და მათთან გამარჯვება ნებისმიერი ნაკრებისთვის რთული საქმეა.
დარჩენილ ორ შეხვედრაშიც ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.
ინგლისის ნაკრების მიზანი ჩემპიონობაა და ამ მიზნისკენ სავალ გზაზე ყოველი მატჩის შემდეგ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ.

როდესაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობ,  ეს დამატებითი მოტივაციაა.
უნდა გამოხვიდე მოედანზე და მათთვის გააკეთო ყველაფერი. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
უნდა გახსოვდეს, რომ შენს უკან არის ხალხი, რომელიც გგულშემატკივრობს. ჩვენ ამით ვცხოვრობთ და ვცდილობთ ყოველივე ეს ჩვენს უპირატესობად ვაქციოთ.

კრიტიკას სერიოზულად აღარ აღვიქვამ. გულახდილად რომ გითხრათ, გამოცდილებამ მასწავლა, როგორ დავბლოკო ნეგატიური ინფორმაცია. ვცდილობ გამოვეთიშო მთელ სამყაროს და მხოლოდ ტურნირზე ვკონცენტრირდე. ამისთვის სუფთა გონებაა საჭირო და შეხვედრის წინ შესაბამისი განწყობა. მინდა დავეხმარო ჩემს გუნდელებს და ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. მე ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია გუნდისთვის და ამას ვაკეთებ კიდეც.“- აცხადებს რაჰემ სტერლინგი.

რაჰემ სტერლინგმა ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ინგლისს 3 ქულა მოუტანა.

ბრიტანელებმა ხორვატებს 1:0 სძლიეს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე