ადამიანებზე შეყვარებული რეჟისორი და „ქაღალდის ნავით“ გაკვალული გზა,  რომელსაც „მგზავრები“ ბიტკოინებამდე მიჰყავს…

ავტორი ნუცა ხომერიკი
გიორგი გერსამია

… მას ენდნენ…

მეორე კურსზე იყო, როდესაც  „ქაღალდის ნავი“ წყალში ჩაუშვა …

მაშინ მიხვდა, რომ ეს საქმე ძირითად საქმიანობად უნდა ექცია.

იმ დროს ციფრებთან „თამაშს“ და ცოდნის ტექნიკური მიმართულებით ამაღლებას ცდილობდა.

არადა, ბავშვობაში სულ სხვა ოცნებები ჰქონდა – ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო და რეჟისორი „გამოვიდა“…  

გიორგი გერსამია, კინორეჟისორი: „ქაღალდის ნავი“ – ეს ჩემი პირველი ფილმია… უფრო საყვარელი ნამუშევარია, ვიდრე პროფესიონალურად შესრულებული პროდუქტი. როდესაც იდეა გამიჩნდა და გავაჟღერე, ყველას გაეცინა. ადეკვატური რეაქცია იყო. არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ფილმის გადაღება კი მანამდე გადავწყვიტე, სანამ მივხვდებოდი, რომ რეჟისურა უნდა მესწავლა. მიუხედავად ამისა,  გუნდი მაინც შეიკრა და ფილმზე მუშაობაც დავიწყეთ. გია ჯაჯანიძე დაგვეხმარა ძალიან. მე სცენარი დავწერე…  გიას კი რეჟისორის როლი უნდა მოერგო. რამდენიმე გადაღებაზე ასეც იყო. შეთანხმებულად ვმოქმედებდით. მერე ვეღარ მოიცალა. დავურეკე და ვუთხარი, მე გავაგრძელებ-მეთქი. დამთანხმდა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მეგობრებთან მუშაობა მიწევდა და რთული იყო პროცესის მართვა. ასეთ დროს გია ჯაჯანიძესაც ხშირად ითხოვდნენ, – მოვიდეს, მაგის გარეშე არაფერი გამოდისო, თუმცა… ფილმი დასრულდა… მახსოვს, მე და გიორგი პაპუაშვილი როგორ ვიდექით და ვუყურებდით… ვხედავდით, რომ ჩვენი ფილმი რეალურად გადიოდა დიდ ეკრანზე…  ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. ბილეთები ორ ლარად გავყიდეთ, რომ დარბაზის ფული გადაგვეხადა. ცოტა ლუდისთვისაც დაგვრჩა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ხალხი მოვიდა და ძალიან დადებითი გამოხმაურებაც მივიღეთ. ამ ფილმს დღემდე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

სწავლა სასურველი მიმართულებით განაგრძო. სადიპლომო ნამუშვარს ასეთი გამოხმაურება აღარ მოჰყოლია, თუმცა ჩვენებას მაყურებელთა აპლოდისმენტების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. გიორგი გერსამია მიხვდა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა ესწავლა.

„ეს გარკვეული იმედგაცრუება იყო… გამოუცდელობის ამბავი… პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო. ზოგადად, იმედგაცრუება საჭიროც კია ხანდახან. რომ წაიქცევი და წამოდგები, მაშინ ხვდები ყველას და ყველაფრის ფასს. მომდევნო ფილმების პრემიერებზე უკვე აღარც ვნერვიულობდი.  დღეს ვიცი, რომ რაც არ უნდა მაგარი იყოს შოუ, რომელსაც აკეთებ, თუ ზურგს არ გიმაგრებს ხარისხიანი პროდუქტი, აბსოლუტურად არაფერს აქვს ფასი…

თეატრალური ინსიტუტის დასრულების შემდეგ, გია ჯაჯანიძის რჩევით, რეზო ესაძის სახელოსნოს გუნდს შეუერთდა. ეს მისთვის დაუვიწყარი პერიოდი იყო.

„არაჩვეულებრივ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი. ეტიუდებს ვაკეთებდი. ეს ჩემი ცხოვრების ფანტასტიკური ეტაპი გახლდათ. რეზოს შექება და კონპლიმენტი კი ყველაზე მეტად მანიჭებდა ბედნიერებას. ეს ის მომენტია, როდესაც ხვდები, რომ იქ ხარ, სადაც უნდა იყო.“

ახლა ცდილობს, რეალობას ფეხი იმდენად აუწყოს, რამდენადაც შესაძლებელია და ფილმებში ის პრობლემატიკა ასახოს, რაც იმდროინდელ საზოგადოებას აწუხებს. ახლახან ორი ფილმის პრემიერა გამართა. ერთი საბჭოთა მწერლის ისტორიას ასახავს, მეორე კი თანამედროვეობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. ამბობს, რომ ეს უკანასკნელი „ქაღალდის ნავის“ „რიმეიქია“, უბრალოდ, სახელი შეცვალა და არსებულ სიტუაციას მოარგო.

„ფაქტობრივად, ეს არის „ქაღალდის ნავი 2“, ეს ორი ფილმი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ურთიერთობით ნაწილში დიდი მსგავსებაა.. როდესაც პირველს ვიღებდი, მაშინ მთავარი პრობლემა იყო ნარკომანია. უკანასკნელში კი ინტერესები და საქმიანობის სფეროები შეიცვალა. გარდა ამისა, „ადამიანები ფრთებით“ მრავალსერიანია. პირველ სეზონში 13 სერიის გადაღება იგეგმება. საპილოტე ჩვენება უკვე შედგა… საბოლოო ვერსიას კი მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს“

ურთიერთობები ფილმებში  წინა პლანზე გამოაქვს. თვითონაც ასეთია – ადამიანები უყვარს. მათთან ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს. ყველა ინდივიდს აკვირდება და მომდევნო ფილმისთვის პერსონაჟებსაც გულდასმით არჩევს. ფრენაც უყვარს. ამბობს, რომ ეს აბსტრაქტული ფრთები ოცნებასთან,  წარმატებასთან, საკუთარი ცხოვრების მართვასა და სულის სიძლიერესთან ასოცირდება.

„რაღაცნაირად მიყვარს ადამიანები, ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა. მარტო ყოფნა მოსაწყენია. ხალხთან სხვა რამეა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის. მაღაზიის რიგშიც შეიძლება გაიცნო ადამიანი და ურთიერთობის ჩამოყალიბება მოასწრო, სანამ სასურველ ნივთს იყიდი. ადამიანებისგან ენერგიით ვიმუხტები. ყველა ინდივიდი ძალიან საინტერესოა და თან ძალიან თავისებურიც.  ძალიან განსხვავდებიან ადამიანები პროფესიის მიხედვითაც. მაგალითად, ინჟინერი რაღაცას აწყობს, აწყობს და ისე აღწევს მიზანს… მსახიობი კი ფრენას ანიჭებს უპირატესობას… იფრენს, იფრენს და სასურველ შედეგამდეც მივა..

ძირითადად, სულ კარგი ადამიანები მოდიან ჩემთან. ხშირად მითქვამს, რომ ცუდი ადამიანი არ არსებობს. მყავს ძალიან კარგი გუნდი, ძალიან კარგი თანამშრომლები, ძალიან კარგი მეგობრები, ძალიან კარგი ოჯახი…  ეს გამართლებაც არის და  მუშაობის შედეგიც.“

მიღწეულ წარმატებას გუნდის ერთობლივი მუშაობის დამსახურებად თვლის. ბოლო ორი ფილმის შედეგებს კი განსაკუთრებით ორ ადამიანს – პროდიუსერებს ნიკოლოზ ხომასურიძესა და ალექსანდრე სუდაძეს უმადლის.

„ფილმს ვერ გააკეთებს ვერც ერთი და ვერც ორი კაცი..ფილმი იქმნება გუნდის ერთობლივი მუშაობით. მხატვარი ხომ ქმნის ნახატს და ის ხომ ძალიან ლამაზია, რომ უყურებ? მუსიკაც ხომ იწერება კომპოზიტორის მიერ? ცალ-ცალკეც ხომ ვიღებთ სიამოვნებას? ფილმში კი ყველაფერი, რაც ცალ-ცალკე იქმნება, ერთობლივ ნამუშევრად არის წარმოდგენილი… ყველაა ჩართული: რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი, ხმის რეჟისორი, მემონტაჟე, სტილისტი, მხატვარი და ა.შ. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო პროცესია და რამხელა შრომაა ჩადებული. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – ეს არის არა ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის ცალ-ცალკე აღებული, არამედ ერთობლივი, გუნდური ნამუშევარი“

მეოცნებეა. ბევრსაც ოცნებობს და ნაოცნებარის ხორცშესხმაზეც მუშაობს. თვლის, რომ ყველა წარმატება ოდესღაც ჩაფიქრებული ოცნების ახდენაა. მაგალითად, ასრულებული ოცნებების სიაში საკუთარი ფილმების პრემიერებიც შეჰყავს. საოცნებო სულ აქვს და ამიტომ ფიქრებით ცაში აჭრას არასდროს წყვეტს. ექსტრემალი არაა, მაგრამ სანაცვლოდ ზომიერი რისკიანობა ხასიათში აქვს.

„ხანდახან აუცილებლად უნდა გარისკო, მაგრამ ამით საქმე არ უნდა დააზიანო. როდესაც რამეს ხელს კიდებ, აუცილებლად უნდა განსაზღვრო, რა დევს სასწორზე. ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტო, ღირს გარისკვა, თუ – არა… ვფიქრობ, ასე უნდა იქცეოდეს ყველა ადამიანი. მე ბევრ რამეზე ვამბობ უარს, საკუთარი თავიც გადამიდია, გვერდზე პრინციპებიც გამიწევია, თუ ვიცი, რომ საქმეს ასე სჭირდება. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია.“

მართალია, წარსულს უყურადღებოდ არ ტოვებს და მომავლის ოცნებებსაც აწყობს, თუმცა მაინც არსებული მომენტით ცხოვრობს და ხარობს. ამბობს, რომ მომენტი, რომლითაც უნდა ისიამოვნო, რომელიც გონებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდო და რომელიც მთელი არსებით უნდა შეიგრძნო, დღესაა!

„როდესაც 5-10 წლის წინანდელ ფოტოებს ათვალიერებ, ხომ ხშირად ფიქრობ, რომ მაგარი მომენტი იყო?! -ასეთი გამოთქმაცაა: შეჩერდი, წამო, მე ბედნიერი ვარ! ესაა წამის შეგრძნება, აღქმა, გააზრება. ამ წუთას, ახლა, ამ მომენტში ვართ ბედნიერები. როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ვართ… ყველაზე მაგარი მომენტებია ეს. ამიტომ ყველა გადაღების წინ ვამბობთ ხოლმე ერთ მნიშვნელოვან ფრაზას, რომელიც ფილმშიც შემოვიტანეთ. აი, იმ მომენტში, როდესაც გამარჯვებას აღნიშნავენ. ეს ფრაზა გავაჟღერეთ პრემიერამდეც. ეს ფრაზა მიტრიალებს თავში ახლაც, ჩვენი ინტერვიუს პროცესში…

და დიახ, ასეცაა…  ყველაზე მაგარი მომენტი არის დღეს!”

You may also like

Leave a Reply