“მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას” – კალაძემ გახარიასთან შეხვედრა დაადასტურა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერთან და ყოფილ პრემიერმინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრა გამართა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ამ ინფორმაციას კალაძე უარყოფდა და ამბობდა, რომ “სისულელეა”.

კალაძემ კიდევ უფრო დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ გახარიას დედაქალაქის მერიის შენობაში შეხვდა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიასთან შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს თბილისის მერიაში შეხვდნენ.

“შეხვედრა იყო. რამდენჯერმე იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვეს შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა: შესთავაზა თუ არა მას გიორგი გახარიამ ფული კანდიდატურის არ დაყენების სანაცვლოდ. თავად გახარიამ კი აღნიშნულს “სისულელე” უწოდა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა დღეს მოქმედ მერზე, როგორც პოლიტიკოსზე არ ისაუბრა, თუმცა პარტია “ქართული ოცნება” მკაცრად გააკრიტიკა.

“ინდივიდუალურად კახა კალაძეს, როგორც პოლიტიკოსს, მე დღეს არ შევაფასებ. კახა კალაძე რომ იყოს მარტო კახა კალაძე ეს ერთი შეფასება იქნებოდა, სამწუხაროდ, კახა კალაძის უკან დგას “ბოსების” უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს რა რის ღირსება, რა არის სამართლიანობა, რა არის ტყუილი, რა არის ღალატი, რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე. აქედან იწყება ცვლილებები და აქედან იწყება პარტია “საქართველოსთვის” სვლა გამარჯვებისკენ, მაგრამ ეს გამარჯვება იქნება ღირსეული, კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, ჩვენ არსად არ გვეჩქარება, ჩვენ დროის რესურსი გვაქვს, ვიღაცებს სხვანაირად რომ ჰგონიათ, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის რას ამბობენ რეპუტაცია დაკარგული პოლიტიკოსები” – განაცხადა გახარიამ.

You may also like

Leave a Reply