პროკურატურამ ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კ.კ-ს ბრალდება  წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულს განზრახ მკვლელობას ედავება. უწყების ცნობითვე, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის პირველ  სექტემბერს, კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით,  ვ.ვ.-ს, მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ვ. საავდმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა  კ.კ.  იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply