“ივანიშვილი უკან მოიტანს მოპარულ ყველა კაპიკს” – მიხეილ სააკაშვილი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს – ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა – ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ “რევანში არ იქნება”.

არანაირი რევანში არ იქნება იმიტომ, რომ უნდა დავასრულოთ ერთი და იგივე წრეზე ამ რევანშით და უბედურებით სიარული – უკან დასახევი გზა აღარ არსებობს” – აღნიშნა სააკაშვილმა.

თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ასევე განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველას აუნაზღაურებს ზარალს.

„ამის პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი უკან მოიტანს მოპარულ ყველა კაპიკს. ის თითოეულ ქართველს აუნაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მიაყენა; აუნაზღაურებს ზარალს იმ შვილებს, რომელთაც დედები და მამები გაუქცია უცხოეთში, აუნაზღაურებს ზარალს ჩვენს გლეხობას, რომელიც ვერ ასაღებდა თავის პროდუქციას მრავალი წელი; აუნაზღაურებს ზარალს მეანაბრეებს და იმ ხალხს, რომელმაც აიღო კრედიტი და გაუუფასურდა, ვერ აბრუნებს, რადგან ვალუტა 2-ჯერ და მეტჯერ დაეცა; ის აუნაზღაურებს ზარალს იმ ხალხს, ვინც სამსახურები დაკარგა და ვინც დარჩა ელემენტარული შემოსავლების გარეშე; ის აუნაზღაურებს გაძვირებულ წამლის ფულს თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს წამალი სჭირდება. ის აუნაზღაურებს დანაკარგს, თუნდაც ფინანსურს მათ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, რადგან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კოვიდის შედეგად 2-ჯერ გაიზარდა სიკვდილიანობა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და უმოქმედობის გამო, რომელიც ასევე გამოიწვია ივანიშვილის შეგნებულმა მავნებლობამ და ქართველი ერის გენოციდის მცდელობამ. ივანიშვილს მოუხდება ყველა კაპიკის უკან მოტანა. მე ამას ვპირდები მას და პირველ რიგში ქართველ ხალხს. ეს ჩვენ ყველას ერთად გამოგვივა.

მინდა ვთქვა, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, ამის უკან ერთი რამ რჩება, რომ ჩვენს ქვეყანას ვკარგავთ და ვკარგავთ ჩვენი შვილების მომავალს. ყველა კონკრეტულ გადაადგილებაზე, ყველა კონკრეტულ თარიღზე, მარშრუტზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, როცა ყველაფერი ეს ხელთ მექნება, საქმის კურსში ჩაგაყენებთ, ამ ყველაფერს ვაკეთებ გახსნილად, შეგნებულად და მინდა გითხრათ, ჩვენ გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა, გამარჯვებების დრო დგება ქართველი ერისთვის, ჩვენი სიამაყისა და ღირსების აღდგენის დრო დგება, ჩვენ ისევ განვაცვიფრებთ მთელ მსოფლიოს, როგორც თავის დროზე და ისევ ვიქნებით ხელზე სატარებელი და საამაყო ერი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და თითოეული ქართველისთვის მთელ მსოფლიოში. მე ძალიან ვამაყობ თითოეული თქვენგანით და ვიცი, რომ ივანიშილის გათვლა, რომ დაგვაჩმორა, მიწასთან გაგვასწორა, ბრძოლაზე ხელი აგვაღებინა, ბოლომდე ჩაუფლავდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლაიან ღირსეული, ამაყი, განსაკუთრებული ერი, ჩვენ ქართველები ვართ. ქართველები იბრძვიან და ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს, ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან მაგრად და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აბა თქვენ იცით! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

You may also like

Leave a Reply