“ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები და არა იმაზე – ჩამოვა, თუ არა სააკაშვილი” – გიორგი ვაშაძე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები, ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა, ჩამოვა, თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი” –  ამის შესახებ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანის მიერ ექსპრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებისთვის დაფუძნებულ მოძრაობას.

მისი თქმით, საქართველოში დღეს მთავარია ორპოლუსიანობის დამთავრება. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხალხს არა პირების ცვლილება სჭირდება, არამედ – სიახლე ხელისუფლებაში.

“ყველას მოვუწოდებ, რომ ფოკუსი გავასწოროთ. ხალხს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება, არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში, არამედ სიახლეები ხელისუფლებაში, საქმის მკეთებელი და პროფესიონალები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისეთი ინიციატივები, რომელიც ამ მიზანს აგვაცდენს წინასაარჩევნოდ არ არის მიზანშეწონილი. ვერავინ ვერავის აიძულებს ჩამოვიდეს ან არ ჩამოვიდეს ქვეყანაში, ყველამ თვითონ უნდა მიიღოს თავსი გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და არჩამოსვლა არ არის მთავარი ამოცანა საქართველოში. დღეს საქართველოში მთავარი ამოცანაა ხელისუფლების ცვლილება, ადამიანების დაბრუნება, ორპოლუსიანობის დასრულება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

You may also like

Leave a Reply